ვლადიმერ პუტინს შეუძლია, კიევში ჩამოვიდეს. მე არ შემიძლია მოსკოვში წასვლა, როდესაც ჩემი ქვეყანა ყოველდღიურად სარაკეტო დარტყმების ქვეშაა, არ შემიძლია ამ ტერორისტების დედაქალაქში წასვლა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ე.წ. შეთავაზება შეხვედრის გადადებას ისახავდა მიზნად.
„ადამიანს თუ არ სურს ომის დროს შეხვედრა, რა თქმა უნდა, შეუძლია, შემოგვთავაზოს ისეთი რამ, რაც ჩემთვის და სხვებისთვის მისაღები არ იქნება, ამიტომ ვამბობ ყოველთვის, რომ მისი ნდობა არ შეიძლება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსეენებთ, მანამდე ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ შესაძლებელია, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა განიხილოს, თუმცა მისივე თქმით, ეს „არსად მიმავალი გზაა“.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მას უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა დონალდ ტრამპმა სთხოვა, თუმცა პუტინს თავისი პირობები აქვს – ამ შეხვედრისთვის ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვში უნდა ჩავიდეს.
„უკრაინის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა არსად მიმავალი გზაა. თუმცა ყველაფერი შესაძლებელია, მე უარი არასდროს მითქვამს. თუ ეს შეხვედრა კარგად იქნება მომზადებული და რაიმე დადებით შედეგამდე მიგვიყვანს. სხვათა შორის, პრეზიდენტმა ტრამპმა მთხოვა, თუ შესაძლებელი იქნებოდა, ასეთი შეხვედრის ჩატარება და ვუპასუხე, რომ ეს შესაძლებელია. ბოლოს და ბოლოს, თუ ზელენსკი მზად იქნება, ის შეხვედრის გასამართად მოსკოვში უნდა ჩამოვიდეს“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა უარყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ მოსკოვსა და კიევს შორის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ ტერიტორიების გაცვლა იგეგმება. როგორც ვლადიმერ პუტინი აცხადებს, მსგავსი რამ დონალდ ტრამპთან არ განხილულა.
