პუტინმა ხელი მოაწერა რეკლამის აკრძალვას “უცხოეთის აგენტებად” მიჩნეულ რესურსებზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 11 მარტს ხელი მოაწერა მანამდე პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს, რომელიც ს მოქალაქეებს და კომპანიებს უკრძალავს რეკლამის განთავსებას “უცხოეთის აგენტებად” მიჩნეულ საინფორმაციო რესურსებზე და საკუთრივ ამ რესურსების რეკლამირებას.
დოკუმენტი გამოქვეყნდა იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე, რაც ნიშნავს, რომ ის უკვე ძალაშია შესული.
სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა მანამდე კანონპროექტი დაამტკიცეს, აღნიშნავდნენ რა, რომ “უცხოეთის აგენტებისთვის” რუსეთში შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობა “რუსეთის ხალხში აღშფოთებას იწვევს”.
პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ საზოგადოებრივი და ჟურნალისტური ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მუშაობის შეწყვეტა უწევთ. კერძოდ, დახურვის შესახებ გამოაცხადა იუთუბ-არხმა “შეატყობინე გორდეევას”. არხის ავტორი კატერინა გორდეევა “უცხოეთის აგენტების” რეგისტრშია შეყვანილი, თუმცა ამბობს, რომ პროექტი დაფინანსების სხვა წყაროებს მოძებნის. თანამშრომლების მნიშვნელოვან შემცირებაზე იუწყება ასევე პროექტ “რედაქციის” დამფუძნებელი ალექსეი პივოვაროვი, რომელიც ასევე შეყვანილია “უცხოეთის აგენტების” სიაში.
რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია “უცხოეთის აგენტად” გამოაცხადოს ნებისმიერი, ვისაც “უცხოეთის გავლენის ქვეშ” მყოფად მიიჩნევს – რისი განსაზღვრებაც კანონში ბუნდოვანია. საამისოდ უცხოეთის წყაროებიდან დაფინანსების მიღებაც კი არ არის აუცილებელი პირობა.
ამჟამად რუსეთში “უცხოეთის აგენტების” რეგისტრში 570-ზე მეტი სახელია – ფიზიკური პირები, მედიასაშუალებები, არაკომერციული ორგანიზაციები, მოძრაობები. “უცხოეთის აგენტები” რუსეთში პირველად 10 წელზე მეტი ხნის წინ გაჩნდნენ – მაშინ ხელისუფლება აცხადებდა, რომ საქმე ეხებოდა მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებას, რომ ესა თუ ის ორგანიზაცია უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას. მაგრამ კანონებში მუდმივად შეაქვთ შესწორებები, რაც “უცხოეთის აგენტებად” მიჩნეულებს ახალ პასუხისმგებლობებს აკისრებს და მათ პირდაპირ დისკრიმინაციას იწვევს. 2022 წლის ბოლოდან “უცხოეთის აგენტებს” აკრძალული აქვთ ასწავლონ სახელმწიფო სასწავლებლებში, ორგანიზება გაუწიონ საჯარო ღონისძიებებს, არმიაში კონტრაქტით იმსახურონ ან საარჩევნო კომისიის წევრები გახდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ