რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იგეგმება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურში 18-დან 30 წლამდე ასაკის 261 000 ადამიანის გაწვევა.
გაწვევის ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაიმართება და წვევამდელები სამხედრო სამსახურის ადგილებში, როგორც ადრე, წელიწადში ორჯერ გაიგზავნებიან – 1 აპრილიდან 15 ივლისამდე და 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე.
წელს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შემოდგომის გაწვევა რუსეთში 2016 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იყო, გაიწვიეს 135 000 ადამიანი.
სახელმწიფო დუმამ 2025 წლის ოქტომბერში მიიღო კანონი სამხედრო გაწვევის პროცესში ცვლილებების შეტანის შესახებ. გაწვევის კომისიები ახლა მთელი წლის განმავლობაში იმუშავებენ და ჩატარდება სამედიცინო შემოწმებები და ფსიქოლოგიური სკრინინგი.
კანონპროექტის ავტორები ინიციატივას „გაწვევის ხარისხის“ გაუმჯობესების სურვილით ხსნიან. ადამიანის უფლებათა დამცველები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას არმიის შესავსებად მუდმივმოქმედი ინფრასტრუქტურის შექმნა სურს.
ფორუმი




