რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების განკარგულება გასცა. ბრძანება თავდაცვის სამინისტრომ უკვე მიიღო.
ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით სწავლება უახლოეს მომავალში დაიწყება და მასში მონაწილეობას სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო ფორმირებები და სამხედრო-საზღვაო ფლოტი მიიღებენ.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სწავლების ჩატარების მიზეზი “პროვოკაციული განცხადებები და დასავლეთის ოფიციალურ პირთა მუქარებია”, თუმცა არ არის აღნიშნული, კონკრეტულად რა სახის განცხადებებზეა საუბარი.
თემაზე კომენტარი ცოტა ხნის წინ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. მან თქვა, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღით დაგეგმილი სწავლება დაკავშირებულია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებებთან, ასევე დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების “განზრახვასთან, გაგზავნონ სამხედროები უკრაინაში”.