რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო საბჭოს მდივნად ტულის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი ალექსეი დიუმინი დანიშნა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მანამდე, 14 მაისს, დიუმინი ტულის რეგიონის ხელმძღვანელის პოსტიდან გადააყენეს და პრეზიდენტის თანაშემწედ დანიშნეს. მაშინ კრემლის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ დიუმინი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და სპორტის საკითხებს გააკონტროლებდა.
ახალი დანიშვნა კი დიუმინის გავლენას ზრდის რუსეთის ძალაუფლების ვერტიკალში. რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო საბჭო, როგორც პრეზიდენტის მრჩეველთა ორგანო, რუსეთის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. მასში შედიან მთავრობის მეთაური, სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რეგიონების ხელმძღვანელები და საპარლამენტო პარტიების ხელმძღვანელები.
ორგანო 2000 წლიდან არსებობს, მაგრამ 2020 წელს პუტინის მიერ ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში, იგი კონსტიტუციის ცალკე მუხლში აისახა. ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო საბჭოს პუტინისთვის ამზადებდნენ. თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ცვლილებები პუტინს საშუალებას აძლევს, ახალი ვადით იყაროს კენჭი.
კრემლის კულუარებში დიუმინს პუტინის ერთ-ერთ სავარაუდო მემკვიდრესაც უწოდებენ. მან კარიერა ბორის ელცინის დროს დაიწყო საპრეზიდენტო კავშირის განყოფილებაში, მაგრამ პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება. დიუმინი რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტის პირად დაცვაში მუშაობდა მას შემდეგ, რაც პუტინი 1999 წელს მთავრობის მეთაურად დაინიშნა. მოგვიანებით დიუმინი რეალურად პუტინის პირადი ადიუტანტის როლს ასრულებდა. ყირიმის ანექსიის შემდეგ დიუმინს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა. დიუმინმა, რომელსაც გენერალ-პოლკოვნიკის წოდება აქვს, სახელმწიფო საბჭოს მდივნის პოსტზე პუტინის თანაშემწე იგორ ლევიტინი შეცვალა.
მეხუთე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა პუტინმა ინაუგურაციის შემდეგ მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განახორციელა. ყველაზე დიდი რეზონანსი მოჰყვა თავდაცვის სტაჟიანი მინისტრის, სერგეი შოიგუს თანამდებობიდან გათავისუფლებას და მის ნაცვლად ეკონომისტ ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნას.
შოიგუ უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა ნიკოლაი პატრუშევის ნაცვლად. ეს უკანასკნელი კი პუტინის თანაშემწე გახდა.