რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა დსთ-ს მოსაზღვრე ქვეყნებთან, ასევე საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან.
თანამდებობაზე დაინიშნა – ნიკოლაი უდოვიჩენკო.
დოკუმენტი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ხელს აწერს, იურიდიული ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნებულია და 22 ოქტომბრით თარიღდება.
ამასთან ერთად, ის დაინიშნა კასპიის ზღვის შესახებ მრავალმხრივ მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელად.
დოკუმენტში წერია:
“რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ნიკოლაი ნიკოლაევიჩ უდოვიჩენკო დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში მოსაზღვრე სახელმწიფოებთან – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრებთან.
ასევე დაეკისროს მას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მოვალეობები აფხაზეთის რესპუბლიკასთან, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან”.
მანამდე ორივე თანამდებობას იკავებდა მიხაილ პეტრაკოვი, რომელიც აგვისტოში ავსტრალიაში რუსეთის ელჩად დაინიშნა.




