გამოძიების თანახმად, ვლადიმირ პუტინმა რუსული პანსიონი დაბომბა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იყო შეფარებული, იმ მიზნით რომ ახლოს მყოფი უკრაინული ძალები დაეზიანებინა.

- 2025 წლის 1 თებერვალს თავშესაფრად გადაკეთებულ სკოლის შენობაზე მიტანილ იერიშს, სადაც 120 რუსი მოქალაქე ელოდებოდა ევაკუაციას, სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
დღემდე თავდასხმის გამო პასუხისმგებლობას რუსეთიც და უკრაინაც ერთმანეთს აკისრებდნენ, თუმცა ახლად გამოქვეყნებულ ანგარიშის თანახმად დარტყმა რუსულმა მხარემ განახორციელა, რომელმაც ტერიტორიაზე კონტროლის დასაბრუნებლად საკუთარი მშვიდობიანი მოქალაქეები გაწირა.

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია Truth Hounds-ის წარმომადგენელი ბოგდან კოსოჰატკო აცხადებს, რომ “რუსულმა ძალებმა სუჯაში განზრახ დაარტყეს პანსიონს და მოკლეს საკუთარი მშვიდობიანი მოქალაქეები, ხანდაზმულები, ქალები და ბავშვები. თავდასხმის დროს მშვიდობიანი მოსახლეობა შენობაში იყო შეფარებული, რადგან მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე იქ უსაფრთხოებას ეძებდა. საკუთარი ხელისუფლებისგან დაცვის ნაცვლად მათ ლეტალური ძალა დახვდათ. ეს თავდასხმა აჩვენებს, რამდენად მცირე მნიშვნელობა აქვს რუსი სამხედროებისთვის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებებს.“
- 2024 წლის აგვისტოში კურსკის რეგიონში უკრაინა მოულოდნელი შეიჭრა და 386 კვადრატულ მილზე მეტი რუსული ტერიტორია დაიკავა, იმ მიზნით რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ერთგვარი “ბუფერული ზონა“ შეექმნა.სუჯა ყველაზე დიდი დასახლება იყო, რომელიც უკრაინის კონტროლქვეშ მოექცა, კრემლმა უკრაინული ძალების უკანდასახევად საბრძოლო მოქმედებებში დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი ჩართო.


ამ ვითარებაში ქალაქის პანსიონი — სამსართულიანი წითელი აგურის შენობა წითელი სახურავითა და დიდი სარდაფით — ჰუმანიტარული დახმარების ცენტრად გადაიქცა. ფასადზე დიდი წარწერები “Люди“ იყო განთავსებული იმის ნიშნად, რომ შიგნით მშვიდობიანი მოსახლეობა იყო შეფარებული. სკოლას თავი ხანდაზმულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, ქალებთან და ბავშვებთან ერთად, ავადმყოფებმა და მათ შეფარეს, ვინც დარტყმების შედეგად სახლი დაკარგა.
ტელეგრამში გავრცელებული ვიდეოკადრები აჩვენებდა, რომ საძინებლები პირველ სართულზე იყო განთავსებული, ხოლო ადამიანები შენობის მარცხენა ფრთაში, სასადილო დარბაზში იკვებებოდნენ.
ოკუპაციის პერიოდში წესრიგის დასაცავად სკოლაში უკრაინელი სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
ეს ავტომატურად არ ხდიდა ობიექტს ლეგიტიმურ სამიზნედ მიუხედავად რუსეთის მტკიცებისა, თითქოს შენობაში უკრაინული შტაბი ფუნქციონირებდა, ადგილობრივები თავად ამბობენ, რომ პანსიონში მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა, ხოლო უკრაინელი სამხედროები მათ საკვებით, წყლით, მედიკამენტებით ამარაგებდნენ და სამედიცინო დახმარებას უწევდნენ.

ანგარიშის თანახმად, რუსმა გენერალ-ლეიტენანტმა “ახმატის“ დანაყოფის მეთაურმა აპტი ალაუდინოვმა იცოდა, რომ შეტევის დროს სკოლაში მშვიდობიანი მოქალაქეები იმალებოდნენ, რაც YouTube-ზე გავრცელებულ ვიდეოში თავად დაადასტურა.
ბოლო და ყველაზე დამანგრეველი შეტევის შედეგად, რომელიც 2025 წლის 1 თებერვალს განხორციელდა შენობის ნაწილი ჩამოინგრა, დაშავდა 11 ადამიანი, ოთხი კი დაიღუპა.
კურსკში უკრაინული სამხედრო კომენდანტურის პრესსპიკერმა ოლექსა სვეტლიშიმ რამდენიმე საათში დაადასტურა, რომ ნანგრევებიდან ჯამში 85 ადამიანი იქნა გადარჩენილი, მათგან 10 დაშავებული იყო, ხოლო ოთხი ადამიანი დაიღუპა.







