პუტინმა ბრძანება გასცა “გამარჯვების მუზეუმში” უკრაინაში წარმოებული ომის გამოფენის მოსაწყობად

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გასცა ბრძანება, რომლის თანახმადაც მოსკოვში არსებულ “გამარჯვების მუზეუმში” გაიხსნება მუდმივი ექსპოზიცია უკრაინის ომის შესახებ (ამ ომს ს ხელისუფლება უწოდებს “საგანგებო საომარ ოპერაციას”). ამ ცნობას კრემლის ვებსაიტზე დაყრდნობით ავრცელებს მედიასაშუალება “მედუზა”. იუწყებიან, რომ ბრძანება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გაიცა, და მისი აღსრულება ეკისრებათ თავდაცვისა და კულტურის მინისტრებს. ბრძანება 1 ივლისამდე უნდა შესრულდეს.
“პაკლონნაია გორაზე” მდებარე “გამარჯვების მუზეუმი” ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს. ის 1995 წლის 9 მაისს გაიხსნა, ომში გამარჯვების 50-ე წლისთავის აღსანიშნად. წელს გამარჯვებიდან მე-80-ე წელს იზეიმებენ, რის გამოც პუტინმა 2025 წელს გამოაცხადა “სამშობლოს მცველთა წლად”. როგორც თავად პუტინი, ისე რუსეთის სხვა ოფიციალური წარმომადგენლები ხშირად ავლებენ პარალელებს მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის მონაწილეობასა და მოსკოვის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ამჟამად წარმოებულ ომს შორის.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, “გამარჯვების მუზეუმში” 2023 წლიდან მოქმედებს გამოფენა სათაურით “ჩვეულებრივი ნაციზმი”. თუმცა, სათაურის მიუხედავად, ის ეხება არა ჰიტლერის პერიოდის გერმანიას, არამედ ს. მუზეუმის ვებსაიტის თანახმად, “საექსპოზიციო პროექტი ‘ჩვეულებრივი ნაციზმი’ ეძღვნება ნაციზმის უკრაინული ვარიანტის გაჩენის და განვითარების ისტორიას”. გამოფენა დროებითია და ის 2025 წლის 30 ივნისს უნდა დაიხუროს. შარშან გაიხსნა ექსპოზიცია სათაურით “ჩვეულებრივი NATOციზმი”, რომელიც, ვებსაიტის თანახმად, “გვიყვება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აგრესიულ პოლიტიკაზე”.
პუტინი ხშირად გამოდიოდა უსაფუძვლო განცხადებებით უკრაინაში არსებულ “ნეონაცისტურ” რეჟიმზე, და ამას წარმოაჩენდა საბაბად უკრაინაში შეჭრისთვის. 2019 წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე უკრაინაში ულტრამემარჯვენე ძალებმა 2 პროცენტის ოდენობის მხარდაჭერა მიიღეს, რაც ევროპის ბევრი ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელზე ბევრად ნაკლებია.
მუზეუმში მოქმედებს გამოფენა, რომელიც ეძღვნება რუს სამხედროებს – მათ, ვინც უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობს. მუზეუმის საიტზე ამ სამხედროებს გმირებად მოიხსენიებენ.
მანამდე გამოცემა “ვიორსტკა” იუწყებოდა, რომ რუსეთის სულ მცირე 12 რეგიონის სკოლებში აღჭურვეს მუზეუმები, რომლებიც ეძღვნება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს. სკოლის მოწაფეებს ვირტუალური რეალობის აღქმისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მეშვეობით სთავაზობენ დაათვალიერონ ნგრევა უკრაინის ქალაქებში, შეიარაღება, საომარ ტექნიკა, უყურონ პრეზიდენტ პუტინს.
ფორუმი