პუტინი შიშობს, რომ რუსეთის ელიტა მასზე დრონებით თავდასხმას ამზადებს – ევროპული დაზვერვა

პუტინი შიშობს, რომ იგეგმება მასზე თავდასხმა და რუსული ელიტის მონაწილეობით სახელმწიფო გადატრიალება. მან შეწყვიტა ვალდაიში სიარული და კვირობით უსაფრთხო ბუნკერებში მუშაობს, — ნათქვამია ევროპული დაზვერვის ანგარიშში, რომელმაც მედიაში გაჟონა.

ფედერალურმა დაცვის სამსახურმა (FSO), რომელიც რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, ვლადიმერ პუტინის მკვლელობის შიშის გამო მისი დაცვის ზომები მნიშვნელოვნად გააძლიერა. ასეთ დასკვნამდე მივიდა ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის დაზვერვა, რომლის ანგარიშსაც გაეცნენ გამოცემა Important Stories-ის, ასევე CNN-ისა და Financial Times-ის ჟურნალისტები.

ზოგიერთი ზომა უშუალოდ პრეზიდენტს ეხება. მათ შორისაა:

  • პუტინი ზედიზედ რამდენიმე კვირას ატარებს მოდერნიზებულ ბუნკერებში, განსაკუთრებით კრასნოდარის მხარეში (ხოლო რუსული მედია წინასწარ მომზადებული ვიდეოკადრების გამოყენებას აგრძელებს).

  • მნიშვნელოვნად შემცირდა იმ ადგილების სია, რომლებსაც პუტინი სტუმრობს: აღარც ის და აღარც მისი ოჯახი აღარ დადიან მოსკოვის ოლქის რეზიდენციებსა თუ ვალდაიში.

  • 2026 წელს პუტინი სამხედრო ობიექტებს არცერთხელ არ სწვევია, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მსგავსი ვიზიტები რეგულარულად ხდებოდა.

უსაფრთხოების სხვა ზომები პუტინთან მომუშავე პერსონალზე ვრცელდება:

  • მისი უახლოესი თანამშრომლების სახლებში სათვალთვალო სისტემები დამონტაჟდა.

  • პრეზიდენტთან მომუშავე მზარეულებს, მცველებსა და ფოტოგრაფებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ეკრძალებათ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი ისინი უსაფრთხოების ორდონიან შემოწმებას, მათ შორის FSO-ს მიერ ჩხრეკას გადიან.

  • თანამშრომლებს, რომლებიც პუტინთან ახლოს მუშაობენ, მხოლოდ ინტერნეტთან წვდომის არმქონე ტელეფონების გამოყენების უფლება აქვთ.

უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოიცავს ფართომასშტაბიან შემოწმებებს, რომლებსაც FSO-ს ოფიცრები ახლა კინოლოგიური ქვედანაყოფების მონაწილეობით ატარებენ. ისინი ასევე განლაგებულნი არიან მდინარე მოსკოვის გასწვრივ, რათა დრონების პოტენციურ თავდასხმებზე რეაგირება შეძლონ. გარდა ამისა, “ვაჟნიე ისტორიის” ცნობით, არსებული შიშების გამო მოსკოვის ზოგიერთ რაიონში პერიოდულად ითიშება საკომუნიკაციო ქსელები. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ FSO, პრეზიდენტის საიდუმლო ბრძანებულებაზე დაყრდნობით, ასევე აკონტროლებს და ამტკიცებს ნებისმიერ ახალ ამბავსა თუ მედიაპუბლიკაციას პუტინის მონაწილეობით.

ზოგიერთი ზომა დაინერგა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ფანილ სარვაროვის მკვლელობის შემდეგ. ევროპული დაზვერვის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის დეკემბერში სარვაროვის მანქანა მოსკოვის ერთ-ერთ ავტოსადგომზე ააფეთქეს, რის შემდეგაც მკვლელობის განხილვამ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის კონფლიქტი გამოიწვია.

ანგარიში აღწერს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების შეხვედრას, რომელიც ვლადიმერ პუტინმა 25 დეკემბერს, სარვაროვის მკვლელობიდან სამი დღის შემდეგ მოიწვია. ამ შეხვედრაზე, როგორც Important Stories იუწყება, უსაფრთხოების სააგენტოების წარმომადგენლებმა “უსაფრთხოების სისტემის ხარვეზებზე პასუხისმგებლობა ერთმანეთს გადააბრალეს.”

კერძოდ, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა მკაცრად გააკრიტიკა ФСБ-ს (FSB) დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი იმის გამო, რომ მან ვერ უზრუნველყო დაცვა ისეთი თავდასხმებისგან, რომლებიც რუსულ ჯარში შიშსა და დეზორგანიზაციას იწვევს. თავის მხრივ, ბორტნიკოვმა რესურსებისა და პერსონალის ნაკლებობაზე დაიჩივლა და თავდაცვის მინისტრი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მის უწყებაში არ არსებობს სპეციალური ქვედანაყოფი, რომელიც უმაღლესი რგოლის ლიდერების ფიზიკურ დაცვას უზრუნველყოფს. დისკუსიაში ასევე ჩაერთო „როსგვარდიის“ დირექტორი ვიქტორ ზოლოტოვი და აღნიშნა, რომ მისი რესურსები თავდაცვის სამინისტროს ოფიცრების დასაცავად არ უნდა დაიხარჯოს.

საბოლოოდ, პუტინმა შეხვედრაზე სიმშვიდისკენ მოუწოდა, შეხვედრის ფორმატის შეცვლა შესთავაზა და დაავალა, რომ განხილულ საკითხებზე კონკრეტული გადაწყვეტილებები ერთ კვირაში წარედგინათ. შეხვედრის დასრულების შემდეგ პუტინი FSO-ს დირექტორს, დიმიტრი კოჩნევს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი პირების სიის გაფართოების შესახებ: ახლა მასში ათი მაღალჩინოსანი გენერალი, მათ შორის გენერალური შტაბის უფროსის სამი მოადგილე შედის.

ევროპული დაზვერვის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების სააგენტოების წარმომადგენელთა შეხვედრაზე წარმოქმნილი კონფლიქტი მიუთითებს კრემლში მზარდ დაძაბულობაზე შიდა და გარე პრობლემების ფონზე.

გარდა ამისა, ევროპული დაზვერვის თანახმად, მარტის დასაწყისიდან პუტინი შეშფოთებულია სენსიტიური ინფორმაციის გაჟონვითა და რუსული პოლიტიკური ელიტის მხრიდან შეთქმულების ან სახელმწიფო გადატრიალების რისკით. კერძოდ, ის შიშობს, რომ პოლიტიკური ელიტის წევრებმა შესაძლოა დრონები გამოიყენონ მკვლელობის მცდელობისთვის.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელიც 2024 წლის მაისიდან უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს იკავებს და, სავარაუდოდ, “უმაღლეს სამხედრო სარდლობაში მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებს,” განიხილება როგორც “პოტენციურად დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორი.”

2026 წლის მარტის დასაწყისში შოიგუს ყოფილი პირველი მოადგილე, რუსლან ცალიკოვი მოსკოვში დააკავეს კრიმინალური ორგანიზაციის შექმნის, ფულის გათეთრების, გაფლანგვისა და მექრთამეობის ეჭვმიტანით. ევროპული დაზვერვის ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს დაპატიმრება განიხილება ელიტებისთვის უსაფრთხოების მდუმარე გარანტიების დარღვევად, რაც ასუსტებს შოიგუს პოზიციას და ზრდის იმის ალბათობას, რომ თავად შოიგუც სისხლისსამართლებრივი დევნის სამიზნე გახდეს. თუმცა CNN აღნიშნავს, რომ ანგარიში არ წარმოადგენს შოიგუს წინააღმდეგ ბრალდებების დამადასტურებელ მტკიცებულებებს. ჟურნალისტები დასძენენ, რომ მსგავსი ინფორმაციის ბუნებიდან გამომდინარე, ზოგიერთი დეტალის გადამოწმება რთულია.

CNN-მა კომენტარისთვის კრემლს მიმართა, თუმცა პუბლიკაციის გამოქვეყნების დროისთვის პასუხი არ მიუღია.

წყარო