კრემლის ცნობით, 3 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ერთმანეთს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის ფარგლებში, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში შეხვდებიან.
სამიტი ორი დღე გაგრძელდება, რომლის განმავლობაშიც პუტინი ჩინეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს, ასევე აზერბაიჯანისა, მონღოლეთის და პაკისტანის ლიდერებს შეხვდება. სამიტისთვის მიძღვნილ არაფორმალურ ვახშამს კი ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი გაუძღვება.
“შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები განიხილავენ ორგანიზაციის ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავებასა და მისი საქმიანობის გაუმჯობესების პერსპექტივებს. იმსჯელებენ მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე”. – წერია კრემლის განცხადებაში.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) ევრაზიული პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხებზე კონცენტრირებული ალიანსია, რომელიც ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის მიერ 2001 წელს დაარსდა. მოგვიანებით, 2017 წელს ორგანიზაციას ინდოეთი და პაკისტანიც შეუერთდნენ, 2021 წელს ორგანიზაციის წევრი ირანიც გახდა.