უკრაინაში არსებული სიტუაციის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის სურვილი გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ამის შესახებ მან ამერიკელი ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.
კარლსონმა პუტინს მიმართა – „თქვენ გსურთ მოლაპარაკების გზით მიაღწიოთ იმის გადაწყვეტას, რაც ახლა უკრაინაში ხდება – სწორად გავიგე?“
რაზეც პუტინმა უპასუხა – „მართალია“.
ამასთან, უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, პუტინმა თქვა, რომ „სასაცილო იქნებოდა, ასეთი სამწუხარო რომ არ იყოს“.
მისივე თქმით, ერებს შორის ურთიერთობა მაინც აღდგება.
„ეს დაუსრულებელი მობილიზაცია უკრაინაში, ისტერია, შიდა პრობლემები… ადრე თუ გვიან, მაინც მოვილაპარაკებთ. შეიძლება, დღევანდელ სიტუაციაში სასაცილოდაც კი ჟღერდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ერებს შორის ურთიერთობები აღდგება. ამას დიდი დრო დასჭირდება, თუმცა ეს ურთიერთობები აღდგება“, – ამბობს პუტინი.