„დაინტერესება გამოხატული იყო ორივე მხრიდან. ვინ რა სიტყვა თქვა პირველმა – ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა“ – განაცხადა 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პასუხად შეკითხვაზე – ვინ იყო მისი და აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრის ინიციატორი.
ინფორმაცია ტრამპისა და პუტინის მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ ერთი დღით ადრე გავრცელდა თეთრი სახლის მიერ და ითქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მზად არის რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან შესახვედრად. ხუთშაბათს კი პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი შეთანხმდნენ ლიდერების შეხვედრის უახლოეს დღეებში გამართვაზე.
7 აგვისტოს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ მოჰამედ ალ ნაჰაიანთან შეხვედრის შემდეგ პუტინს ჰკითხეს აგრეთვე მისი და ტრამპის შეხვედრის ადგილის შესახებაც:
„ჩვენ ბევრი მეგობარი გვყავს, რომლებიც მზად არიან დაგვეხმარონ მსგავსი სახის ღონისძიებების ორგანიზებაში. ერთ-ერთი მეგობართაგანი არის არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი. ვფიქრობ, გადავწყვეტთ, თუმცა ეს [საამიროები – რთ] იქნებოდა ერთ-ერთი შესაფერისი ადგილი, სავსებით შესაფერისი ადგილი“.
რაც შეეხება პუტინის ზელენსკისთან შეხვედრის პერსპექტივას, რუსეთის პრეზიდენტი კვლავ შორეულ პერსპექტივად აცხადებს:
„არაერთხელ მითქვამს, რომ მთლიანობაში არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, ეს შესაძლებელია. მაგრამ, ამისთვის უნდა შეიქმნას გარკვეული პირობები. ასეთი პირობების შექმნამდე კი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით შორია“.
7 აგვისტოს გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ განიხილება ლიდერების დონეზე შეხვედრების “სხვადასხვა პოტენციური ფორმატი – ორი ორმხრივი და ერთი სამმხრივი შეხვედრისა”:
“უკრაინას არ ეშინია შეხვედრების და მოელის ასეთსაცე გაბედულ მიდგომას რუსეთის მხრიდანაც. დროა დავასრულოთ ომი”.
6 აგვისტოს ვლადიმირ პუტინი მოსკოვში შეხვდა დონალდ ტრამპის საგანგებო წარგზავნილ სტივენ უიტკოფს. პუტინის თანაშემწემ 7 აგვისტოს ამ შეხვედრის შესახებაც ილაპარაკა, როცა მას ჰკითხეს სამმხრივი სამიტის – ტრამპი-ზელენსკი-პუტინის შეხვედრის პერსპექტივაზე:
„რაც შეეხება სამმხრივი შეხვედრის ვარიანტს, რომელზეც გუშინ რატომღაც ალაპარაკდნენ ვაშინგტონში, ეს ვარიანტი მხოლოდ ნახსენები იყო ამერიკის წარმომადგენლის მიერ კრემლში შეხვედრის მიმდინარეობისას. თუმცა, ეს ვარიანტი კონკრეტულად არ განხილულა. რუსეთის მხარემ ეს ვარიანტი დატოვა სრულად კომენტარის გარეშე. ჩვენ ვთავაზობთ უპირველეს ყოვლისა ყურადღების კონცენტრირებას დონალდ ტრამპთან ორმხრივი შეხვედრის მომზადებაზე და უმთავრესად მიგვაჩნია ის, რომ ეს შეხვედრა წარმატებული და შედეგიანი იყოს“.
იური უშაკოვმა დაადასტურა, რომ პუტინი-უიტკოფის შეხვედრის სავარაუდო დროდ შემდეგი კვირა განიხილება.
