პუტინი: საპრეზიდენტო არჩევნები მერვედ ტარდება, დემოკრატიულობის ხელშეუხებლობის მაჩვენებელია

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საპრეზიდენტო ს წინ გაავრცელა მიმართვა, რომელშიც მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ხმის მისაცემად წავიდნენ.
პუტინის მტკიცებით, ფაქტი, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მერვედ იმართება, მოწმობს რომ დემოკრატიული პრინციპები ხელშეუხებელია.
“ძვირფასო ს მოქალაქეებო, ძვირფასო მეგობრებო. ხვალ, 15 მარტს მთელ ჩვენს უზარმაზარ ქვეყანაში გაიხსნება საარჩევნო უბნები, დაიწყება სამდღიანი ხმის მიცემა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ეს რუსეთში უკვე მერვედ იმართება, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის, არჩევნების რეგულარულობაზე ხელშეუხებლობას აჩვენებს. მათ შედეგებს ექნება პირდაპირი გავლენა ქვეყნის მომავალ წლებში განვითარებაზე.” – თქვა პუტინმა.
ამას გარდა, პუტინი, რომლის რეჟიმმაც ოპოზიციური მოძრაობები სრულად შეზღუდა, ირწმუნება, რომ რუსეთში ძალაუფლების წყარო ხალხია.
“ხაზს გავუსვამ, რომ ძალაუფლების ერთადერთი წყარო ჩვენს ქვეყანაში არის ხალხი. ეს არის ძირეული სამართლებრივი მოცემულობა, რომელიც კონსტიტუციაშია გამყარებული. მისი მთავარი აზრია ის, რომ მხოლოდ თქვენ, რუსეთის მოქალაქეებს შეგიძლიათ სამშობლოს ბედის გადაწყვეტა.” – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამას გარდა, პუტინის თქმით, “არჩევნებში მონაწილეობა არის პატრიოტული გრძნობების გამოვლინება”.
ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ ბელგოროდისა და კურსკის ოლქების საზღვრებთან უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეობრივი დანაყოფები საბრძოლო მოქმედებებს ატარებენ, პუტინი ამბობს, რომ არჩევნები რუსეთის ყველა სოფელში, დასახლებულ პუნქტსა და ქალაქში ჩატარდება.
“ჩვენი ქვეყანა დიდია და ყველგან, ყოველ ქალაქში, დასახლებაში, სოფელში გაიხსნება საარჩევნო უბანი.” – თქვა პუტინმა.
მიმართვის ბოლოს პუტინმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, მივიდნენ არჩევნებზე.
“გთხოვთ მოხვიდეთ არჩევნებზე და გამოხატოთ თქვენი სამოქალაქო და პატრიოტული პოზიცია, ხმა მისცეთ თქვენ მიერ არჩეულ კანდიდატს, ჩვენი საყვარელი რუსეთის წარმატებულ მომავალს.” – თქვა პუტინმა.
პარალელურად რუსეთის სასაზღვრო რეგიონებში დაძაბულობა გრძელდება.
12 მარტის გამთენიისას უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეობრივმა დანაყოფებმა: ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ, რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა და ს ბატალიონმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ. ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო ტელეგრამ-არხებზეც. პროუკრაინულმა ჯგუფებმა შეტაკებებისთვის ჯავშანტექნიკაც გამოიყენეს. გავრცელდა კადრები, სადაც, სავარაუდოდ, მათი ტანკების რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილებაც ჩანდა.
შეტაკებები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მოხდა. ლეგიონ რუსეთის თავისუფლებაში ამბობდნენ, რომ მათ კურსკის ოლქში საზღვრის გარღვევაც შეძლეს. ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, იყო შეტაკებები, თუმცა მოწინააღმდეგემ საზღვარი ვერ გაარღვია.
მოხალისოებრივი ჯგუფების მოქმედების პარალელურად, 13 მარტს რუსეთის რეგიონებზე, 7 სხვადასხვა ოლქში 60-ზე მეტმა დრონმა მიიტანა იერიში.
პროუკრაინულმა ჯგუფებმა რეიდები რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებიდან 3 დღით ადრე დაიწყეს. ხმის მიცემის პროცესი 15-17 მარტს გაიმართება. არჩევნებში ვლადიმირ პუტინს რეალური კონკურენტი არ ჰყავს.
სასაზღვრო საბრძოლო მოქმედებებს გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და თქვა, რომ უკრაინელები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას თუ არა, სულ მცირე, ხელის შეშლას ცდილობენ. მისივე აზრით, მათ სურთ გარკვეული ტერიტორიის დაკავება, რათა მომავალში შესაძლო მოლაპარაკებების დროს გასაცვლელად გამოიყენონ.