რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა BRICS-ის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში აშშ-ს დიპლომატიის წარუმატებლობას კიდევ ერთხელ დააბრალა და თქვა, რომ BRICS-ის ქვეყნებს პრობლემის მოგვარებაში მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია.
“ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გამოიჩინონ ერთობლივი ძალისხმევა, რომელიც სიტუაციის დეესკალაციისკენ, ცეცხლის შეწყვეტისა და პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტისკენ იქნება მიმართული. BRICS-ის სახელმწიფოებსა და რეგიონის ქვეყნებს ამ საქმეში მთავარი როლის შესრულება შეუძლიათ”. – თქვა პუტინმა.
BRICS-ის ბლოკში შედიან განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნები – ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. აგვისტოში გამართულ სამიტზე შედგა შეთანხმება, რომ ბლოკი გაფართოვდება. BRICS-ში უკვე მიიწვიეს საუდის არაბეთი, ირანი, ეთიოპია, ეგვიპტე, არგენტინა და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ისინი ბლოკის წევრები 2024 წლის იანვარში უნდა გახდნენ.