რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, მომავალი წლიდან რუსეთი სამხედრო ხარჯების შემცირებას გეგმავს.
27 ივნისს მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინი თავდაცვითი ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით NATO-ს სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს “NATO-ს საქმეა და არა რუსეთის”.
“ჩვენ ვგეგმავთ თავდაცვითი ხარჯების შემცირებას როგორც მომავალ, ისე შემდგომ წელს, ანუ სამწლიან პერიოდში”. – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თავდაცვის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არსებობს, თუმცა “ყველა ამ მიმართულებით ფიქრობს”.
“ევროპა პირიქით ფიქრობს ხარჯების გაზრდაზე. მაშ, ვინ ემზადება აგრესიული მოქმედებისთვის? ჩვენ თუ ისინი?”. – თქვა პუტინმა.
მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის, სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართოს. ამის შესახებ მან ბელარუსში ვიზიტის დროს ისაუბრა.
მისი თქმით, საჭიროა დროისა და ადგილის შეთანხმება.
tabula.ge
