რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ვენესუელის ლიდერთან, ნიკოლას მადუროსთან სატელეფონო საუბარში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების მხრივ ურთიერთობის განვითარება განიხილა და “მზარდი გარე ზეწოლის” ფონზე მადუროს მმართველობის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.
ამის შესახებ განცხადება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“სახელმწიფოს მეთაურებმა 2025 წლის ნოემბერში ამოქმედებული სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მიმართულებით რუსულ-ვენესუელური მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესახებ აზრები გაცვალეს. ვლადიმირ პუტინმა ვენესუელელი ერის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და დაადასტურა, რომ მხარს უჭერს ნ. მადუროს მმართველობის კურსს, რომელიც მზარდი გარეგანი ზეწოლის პირობებში ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება.
დადასტურდა ორმხრივი სურვილი, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, საფინანსო, კულტურულ-ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში ერთობლივი პროექტები თანმიმდევრულად შესრულდეს”. – წერია განცხადებაში.
მანამდე, ნოემბერში რუსეთსა და ვენესუელას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება ძალაში შევიდა, რომელიც, მათ შორის, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობას მოიაზრებს.
პარალელურად, გამოცემა Defense News Flightradar24-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთიდან ვენესუელაში Ил-76 ტიპის სატრანსპორტო-სამხედრო თვითმფრინავი ჩაფრინდა. ხოლო 1 ნოემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსეი ჟურავლევმა Газета.Ру-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთმა ვენესუელას Панцирь-С1 ტიპისა და Бук-М2 ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემები გადასცა.
ცნობისთვის, პუტინსა და მადუროს შორის სატელეფონო საუბარი იმ ფონზე შედგა, როცა აშშ-ს კარიბის ზღვაში უჩვეულოდ დიდი რაოდენობის საზღვაო ძალები ჰყავს მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ტრამპი მადუროზე ზეწოლას ცდილობს და მას გადადგომისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს აშშ-მ ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც შეზღუდვები დაუწესდა ნიკოლას მადუროს ცოლის სამ დისშვილს და ასევე მათთან დაკავშირებულ ექვს ნავთობტანკერსა და გადაზიდვის კომპანიებს.
მანამდე აშშ-მ ვენესუელის სანაპიროსთან სანქცირებული ნავთობის ტანკერი დააკავა, რომელიც ვენესუელიდან ირანში სანქცირებული ნავთობის გადასატანად გამოიყენებოდა.
აშშ-ს ქმედების პასუხად ვენესუელის მთავრობამ ამერიკა “ცალსახა ქურდობაში” დაადანაშაულა და ტანკერის დაკავებას “საერთაშორისო მეკობრეობის აქტი” უწოდა.
tabula.ge




