პუტინი კრემლის მხარდაჭერილ კანდიდატს აფხაზეთის პრეზიდენტობას ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტი ბადრი გუნბას აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. შესაბამის მილოცვას კრემლის პრესსამსახური აქვეყნებს.
„მიიღეთ გულწრფელი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევის გამო,“ — ნათქვამია წერილში.
„არჩევნებში გამარჯვება, რომელიც თავისუფალი ხალხის ნების გამოხატვის პირობებში შედგა, ადასტურებს აფხაზეთის მოქალაქეების მხარდაჭერას თქვენი პოლიტიკის მიმართ, რომელიც მიმართულია ქვეყნის შიდა პოლიტიკური სტაბილურობისა და პროგრესული სოციალური-ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად”.
პუტინმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის სამხედრო და მეგობრული ურთიერთობები გაძლიერდება ახალი პრეზიდენტის პირობებში. „მიმაჩნია, რომ მეგობრული და მოკავშირე რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენს ძმურ ხალხთა სარგებლისთვის,“ — ნათქვამია კრემლის მიერ გამოქვეყნებულ პუტინის წერილში.
აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი მონაცემების მიხედვით, გუნბამ 56,85% მიიღო, მისმა კონკურენტმა ადგურ არძინბამ – 43,15%.