რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი და BRICS-ის ბლოკის წევრი განვითარებადი ქვეყნების სხვა ლიდერები 21 ნოემბერს ისრაელი-ჰამასის ომთან დაკავშირებით გამართავენ შეხვედრას, რომელსაც გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეშიც დაესწრება.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, სირილ რამაფოსას ოფისის განცხადების თანახმად, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ბლოკის წევრი ბრაზილიის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის, ასევე არგენტინის, ეგვიპტის, ეთიოპიის, ირანისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ლიდერები, რომლებიც ბლოკს 2024 წლის იანვრიდან უნდა შეუერთდნენ.
იმავე განცხადების თანახმად, შეხვედრის თავმჯდომარე რამაფოსა იქნება, რადგან BRICS-ის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანა სამხრეთ აფრიკაა. შეხვედრაზე ლიდერები ღაზის “ჰუმანიტარულ კრიზისთან” დაკავშირებით სიტყვით გამოვლენ და სავარაუდოდ, საერთო განცხადებასაც გაავრცელებენ.
ერთი დღით ადრე, 20 ნოემბერს ჩინეთში საუდის არაბეთის, ეგვიპტის, იორდანიის, ინდონეზიისა და პალესტინის ავტონომიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს, სადაც პეკინმა პალესტინის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩინეთის მზარდ გეოპოლიტიკურ გავლენასაც.