რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყნის სტრატეგიული ბირთვული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. დღეს, 29 თებერვალს, ფედერალური კრებისადმი ყოველწლიური მიმართვისას პუტინმა „რუსეთის მოწინააღმდეგეებს“, ანუ დასავლეთს შეახსენა, რომ რუსეთი ფლობს იარაღს, რომელსაც სამიზნეების განადგურება მათ ტერიტორიებზეც შეუძლია.
რუსეთის პრეზიდენტმა კონკრეტული დასავლელი პოლიტიკოსების დასახელების გარეშე თქვა, რომ „ალაპარაკდნენ უკრაინაში ნატოს სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შესაძლებლობაზე“. პუტინი, სავარაუდოდ, გულისხმობდა საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის განცხადებას, რომ გამორიცხული არ არის უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნა. თავის მხრივ, ნატომ განაცხადა, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ იგეგმება.
„გვახსოვს მათი ბედი, ვინც ოდესღაც თავის კონტინგენტებს აგზავნიდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ახლა შესაძლო ინტერვენტებისთვის შედეგები გაცილებით ტრაგიკული იქნება“, – განაცხადა პუტინმა ფედერალური კრების წინაშე გამოსვლისას.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, ყველაფერი, რითაც დასავლეთი მთელ მსოფლიოს „აშინებს“, რეალურად ქმნის „ბირთვული იარაღის გამოყენებით კონფლიქტის” და ესე იგი, „ცივილიზაციის განადგურების” საფრთხეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ილაპარაკა ნატოს გაფართოებაზეც. იმ ფონზე, როცა რუსეთს მთელი რესურსი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის აქვს მობილიზებული, პუტინმა განაცხადა, რომ ნატოში ფინეთის და შვედეთის მიღების შემდეგ დასავლეთის მიმართულებით შეიარაღებული ძალების დაჯგუფებების სერიოზულად გაძლიერებას გეგმავენ.