კიევისთვის რუსეთის ტერიტორიაზე გრძელი რადიუსის იარაღით დარტყმის უფლების მიცემა ნიშნავს ნატოს ქვეყნებისა და ევროპული სახელმწიფოების უშუალო მონაწილეობას უკრაინის ომში, უთხრა ჟურნალისტებს ხუთშაბათს სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
როგორც პუტინმა თქვა, ნატოს ქვეყნები ახლა არა მხოლოდ განიხილავენ კიევის მიერ დასავლური შორი მოქმედების იარაღის შესაძლო გამოყენებას, არამედ ისინი წყვეტენ, უშუალოდ ჩაერთონ თუ არა კონფლიქტში. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „არსებითად ამ სარაკეტო სისტემებში საფრენი დავალებების შეტანა მხოლოდ ნატოს ქვეყნების სამხედრო პერსონალს შეუძლია“.
ასევე, ჟურნალისტებთან საუბარში პუტინმა განაცხადა, რომ „უკრაინის კონფლიქტში დასავლეთის ქვეყნების უშუალო მონაწილეობა ცვლის მის არსს“.
„რუსეთი იძულებული იქნება, ამგვარად წარმოქმნილი საფრთხეებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილებები,“ ხაზგასმით აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.
პუტინის კომენტარები გაისმა მაშინ, როდესაც უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს მცდელობას, დასავლეთისგან მიიღოს უფრო მძლავრი შეიარაღება, მაგრამ მისი გამოყენების ნაკლები შეზღუდვით.
ამ დროს რუსეთის არმია აგრძელებს შეტევას აღმოსავლეთ უკრაინაში. ამ კვირაში კიევში მოლაპარაკებების დროს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო-პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელების – ენტონი ბლინკენისა და დევიდ ლემის – მონაწილეობით განიხილეს იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინას გაუუქმონ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების აკრძალვა რუსეთში სამხედრო ობიექტებზე თავდასხმების განსახორციელებლად. ოთხშაბათს ისინი ერთობლივი ვიზიტით ეწვივნენ უკრაინას. ვიზიტის ფარგლებში ისინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.
ბლინკენის თქმით, შორი მანძილის რაკეტების საკითხს „რა თქმა უნდა“ განიხილავენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, როდესაც ისინი 13 სექტემბერს ვაშინგტონში გამართავენ შეხვედრას. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ საკითხის განხილვაში როლს თამაშობს შიში, რომ რუსეთში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ მისი გამოყენების ნებართვამ შეიძლება ესკალაცია გამოიწვიოს. თუმცა, როგორც ბლინკენმა თქვა, ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც არის გასათვალისწინებელი.
გაზეთი Guardian-ი, ოთხშაბათს საღამოს ბრიტანეთის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ლონდონმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას ნება დართოს, რომ გამოიყენოს Storm Shadow რაკეტები რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ. The Guardian-ის აზრით, ბრინკენის გამონათქვამები არის მინიშნება, რომ ვაშინგტონიც მსგავს გადაწყვეტილებას იღებს. როგორც გაზეთი აღნიშნავს, კიევში ლემისა და ბლინკენის ვიზიტი არ მოხდებოდა, ასეთი გადაწყვეტილება რომ არ ყოფილიყო მიღებული.
ოფიციალურად არც ვაშინგტონს და არც ლონდონს ჯერ არ გამოუცხადებიათ შეზღუდვების მოხსნის შესახებ, მაგრამ ახლახან აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადეს, რომ მიმდინარეობს დისკუსიები პოლიტიკის შესაძლო გადახედვის შესახებ.
ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ გამოთქვა თავისი შეფასება, რომ რეალურად ნატოს ქვეყნები უკრაინის ომში მონაწილეობენ. „მრჩევლების და ინსტრუქტორების არსებობის თვალსაზრისით, აქ სიახლე არ არის, ისინი იმყოფებიან უკრაინის ტერიტორიაზე“, – ციტირებს პუტინს „მედუზა“ და აღნიშნავს, რომ ეს განცხადება გაკეთდა მიმდინარე წლის ივნისში. მაშინ პუტინმა თქვა, რომ მისი რწმენით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავად ვერ აკონტროლებენ ამერიკულ და ევროპულ რაკეტებს – ATACMSებსა და Storm Shadow-ებს.