სააგენტო „ბლუმბერგი“ კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დასკვნით, სამხედრო ესკალაცია არის საუკეთესო გზა, რუსეთის პირობებით უკრაინის მოლაპარაკებებზე დასათანხმებლად და რომ ნაკლებად სავარაუდოა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ძალისხმევა გასწიოს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.
“ბლუმბერგის” თანახმად, გასულ თვეში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ანკორიჯში შეხვედრისა და უკრაინის პრეზიდენტის მიერ ტერიტორიების დათმობაზე უარის თქმის შემდეგ, რუსეთის ძალები სულ უფრო ინტენსიურად ახორციელებენ თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და სამოქალაქო სამიზნეებზე. სააგენტოს წყაროები ეუბნებიან, რომ პუტინი აპირებს გააგრძელოს კიევის ენერგოქსელებსა და სხვა ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა. მათივე თქმით, ალასკაში შეხვედრამ პუტინი დაარწმუნა, რომ ტრამპი არ არის დაინტერესებული კონფლიქტში ჩართვით.
“პუტინისთვის მნიშვნელოვანია აჩვენოს ტრამპსა და ევროპელებს, რომ მას კვლავაც ძალუძს ვითარების ესკალაცია. პუტინი ცდილობს გააძლიეროს საკუთარი ბერკეტი უკრაინაზე მოლაპარაკებების მორიგ რაუნდამდე, როცა კი ის გაიმართება”, – განუცხადა “ბლუმბერგს” რუსეთის ანალიტიკოსმა ვიტა სპივაკმა, საკონსულტაციო კომპანია “გეითჰაუზ ედვაიზორი პარტნერს”-იდან.
საჰაერო თავდასხმების გაძლიერების ფონზე, რუსეთის ტერიტორიული წინსვლა შენელებულია, ფრონტის ხაზის გასწვრივ ზეწოლის გაძლიერების მცდელობის მიუხედავად. რუსეთმა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკზე შეტევისთვის 100 ათასი ჯარისკაცი განალაგა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმდინარე კვირაში განაცხადა,, რომ უკრაინის ძალებმა დონეცკში ტერიტორიის ნაწილის დაბრუნებაც კი მოახერხეს.
“რუსეთის 2025 წლის ზაფხულის შეტევა უკრაინის აღმოსავლეთში მიზანში ამოღებულ ყველა ქალაქზე ჩავარდა”, – ამბობს ალექს კოკჩაროვი, “ბლუმბერგ ეკონომიქსის” ანალიტიკოსი.
ფორუმი
