კრემლმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი პუტინს ბირთვული ძრავით აღჭურვილი კონტინენტთაშორისი ფრთოსანი რაკეტის, „ბურევესტნიკის“ წარმატებული გამოცდის შესახებ მოახსენებს.
„ბურევესტნიკის“ გამოცდის კომენტირებისას, სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პუტინმა განაცხადა: „ეს არის უნიკალური პროდუქტი, რომელიც მსოფლიოში არავის აქვს“.
კრემლის განმარტებით, „ბურივესტნიკის“ შესახებ საუბარი შედგა პუტინის გერასიმოვთან და უკრაინაში მებრძოლი დაჯგუფებების მეთაურებთან შეხვედრისას, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების ერთ-ერთი დამხმარე სამეთაურო პუნქტში გაიმართა.
გერასიმოვმა განაცხადა, რომ გამოცდა 21 ოქტომბერს ჩატარდა. მისი თქმით, „ბურევესტნიკმა“ „დაახლოებით 15 საათის განმავლობაში“ იფრინა და ჯამში 14 000 კილომეტრი დაფარა.
„და ეს არ არის ზღვარი“, – დასძინა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა. ვლადიმირ პუტინმა კი პასუხად განაცხადა, რომ აუცილებელია „განისაზღვროს, თუ რა არის ეს, რა კლასს მიეკუთვნება ეს ახალი სისტემა და, რომ უნდა დაიწყოს ინფრასტრუქტურის მომზადება ამ იარაღის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში განლაგებისთვის“.
„ბურევესტნიკი“ რუსული კონტინენტთაშორისი ფრთოსანი რაკეტაა. გამოცემა Mediazona-ს ცნობით, ამერიკელი სპეციალისტები მას, ძრავის მუშაობის დროს რადიოაქტიური დაბინძურების რისკის გამო, „მფრინავ ჩერნობილს“ უწოდებენ.
პუტინმა „ბურევესტნიკის“ შექმნის შესახებ პირველად ილაპარაკა 2018 წელს, ფედერალური კრებისადმი მიმართვისას. სავარაუდოდ, მაშინვე დაიწყო მისი გამოცდა. Reuters-ის ცნობით, 13 ცნობილი გაშვებიდან მხოლოდ ორი იყო ნაწილობრივ წარმატებული.
2019 წელს წარუმატებლად დასრულდა რაკეტის ბირთვული ძრავის გამოცდა არხანგელსკის რეგიონში მდებარე ნიონოკის საცდელ პოლიგონზე.
2023 წლის ოქტომბერში პუტინმა „ბურევესტნიკის“ არქტიკაში წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა.
2025 წლის აგვისტოში Reuters-მა და Barents Observer გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთი „ბურევესტნიკის“ გამოცდისთვის ალასკაში პუტინ-ტრამპის შეხვედრის წინ ემზადებოდა.
არ არსებობს დამოუკიდებელი წყაროების დადასტურება იმისა, რომ „ბურევესტნიკის“ გამოცდები ოდესმე სრულიად წარმატებული იყო.
ფორუმი




