პუტინი ამბობს, რომ მუდამ ფიქრობს თავის მემკვიდრეზე და შესაბამისი კანდიდატების სიაც აქვს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ მუდმივად ფიქრობს შესაძლო მემკვიდრეებზე და კანდიდატების სიაც უკვე ჩამოყალიბებული აქვს.
ამის შესახებ საუბარია ახალ პროპუტინისტური დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში სახელწოდებით “. კრემლი. პუტინი. 25 წელი”, რომელიც 4 მაისს რუსეთში გამოვიდა და პუტინის მმართველობის იუბილეს ეძღვნება.
ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში, რომელიც დოკუმენტური ფილმისთვის ჩაწერეს, ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა, რომ ყველა შესაძლო მემკვიდრის შესაძლებლობების შეფასების პროცესშია. კითხვაზე, აკეთებს თუ არა ამას, პუტინმა პირდაპირ უპასუხა: “დიახ, ვაკეთებ”.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ მომავალმა პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა მოიპოვოს “ხალხის ნდობა”, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, მას “სერიოზული ნაბიჯების გადადგმის შანსი არ ექნება”.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ “სასურველია არსებობდეს რამდენიმე ვარიანტი, რათა ხალხს ჰქონდეს არჩევანი”.
72 წლის ვლადიმირ პუტინი რუსეთს უკვე 25 წელზე მეტია მართავს. ის პირველად 2000 წელს გახდა პრეზიდენტი, მანამდე კი პრემიერმინისტრის თანამდებობას იკავებდა და გარკვეული ხნით რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელიც იყო.
tabula.ge