პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთს პატივისცემით ეპყრობა და მისი პოზიცია ესმის. ამის შესახებ ვაშინგტონში ორდღიანი შეხვედრების შემდეგ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების წარმომადგენლებს უთხრა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა.
დმიტრიევი უცხოეთის ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენელიცაა და მასთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირად მიიჩნევა.
კირილ დმიტრიევმა, რომელმაც ვაშინგტონში შეხვედრები 2-3 აპრილს გამართა, განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წამყვან წევრებთან განიხილა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებისა და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში შეწყვეტილი დიალოგის აღდგენის საკითხები. რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში დმიტრიევს არ დაუკონკრეტებია, რომელ მაღალჩინოსნებს შეხვდა.
პუტინის სპეცწარმომადგენლის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციაში ესმით ბევრ საკითხზე რუსეთის პოზიცია და მომართული არიან რუსულ-ამერიკული ურთიერთობების საკითხთა მთელი სპექტრის გადასაწყვეტად, მათ შორის გეოპოლიტიკურის.
დმიტრიევის ინფორმაციით, განიხილეს შესაძლო ურთიერთქმედებები არქტიკაში, იშვიათ მიწათა მეტალების სფეროში და სხვა სექტორებში, სადაც პოზიტიური ურთიერთობაა შესაძლებელი. მისივე თქმით, ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა დაიკავონ რუსეთიდან წასული ევროპული კომპანიების მიერ დატოვებული ნიშა. დმიტრიევის განცხადებითვე, აქტიური მუშაობაა პირდაპირი ავიამიმოსვლის აღსადგენად და ამ საკითხში წინსვლის იმედი აქვთ.
პუტინის სპეცწარმომადგენელმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე თქვა, რომ ვაშინგტონში ორი დღის განმავლობაში გამართული შეხვედრების შედეგად „ბევრ საკითხში წინ გადადგეს სამი ნაბიჯი“.
დმიტრიევის განცხადებით, სამი წელია აშშ-სა და რუსეთს შორის კომუნიკაცია ფაქტობრივად, არ ყოფილა, ამიტომ დიალოგისა და საკითხების გადაწყვეტის პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება, პროცესი კი „პოზიტიურად და კონსტრუქციულად მიდის“.
დმიტრიევის თანახმად, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია რუსეთთან დიალოგში პატივისცემით იქცევა, რუსეთის პოზიციები ესმის, ბევრ შეკითხვას სვამს და კომპრომისებს პოულობს.
როგორც დმიტრიევმა თქვა, რუსეთი მზად არის მოისმინოს აშშ-ის შეშფოთება და მოსაზრებები, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღებისას ამოსავალი იქნება მხოლოდ საკუთარი ინტერესები.
რუსი მაღალჩინოსნის განცხადებითვე, პრეზიდენტების, პუტინის და ტრამპის ხელმძღვანელობით უკრაინის კონფლიქტის დეესკალაციისთვის პირველი ნაბიჯი გადაიდგა. დმიტრიევი ასეთ ნაბიჯად აფასებს ენერგოობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შეთანხმებას. ბოლო დღეებში უკრაინამ რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულა ამ შეთანხმების დარღვევაში.
კირილ დმიტრიევი პირველი რუსი მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვაშინგტონში ვიზიტით ჩავიდა. ის აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაშია რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
ტელეკომპანია CNN-ის წყაროთა ინფორმაციით, იმისთვის, რომ დმიტრიევი ვაშინგტონში ჩასულიყო, შეერთებულმა შტატებმა დროებით შეაჩერა მის წინააღმდეგ სანქციების მოქმედება.
მედიასაშუალებები, მათ შორის Reuters-ი, The Washington Post-ი, CNN-ი და CBS-ი, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ 2 აპრილს კირილ დმიტრიევი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს.
ტელეკომპანია NBC-ს წყაროთა ცნობით, 3 აპრილს დმიტრიევს პრეზიდენტ ტრამპის თხოვნით შეხვდა რამდენიმე სენატორი, მათ შორის ლინდსი გრემი, რომელიც რუსეთის საწინააღმდეგო ახალი სანქციების ერთ-ერთი ინიციატორია.
კიევში დაბადებული კირილ დმიტრიევი სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. წლების წინ იყო ამერიკული საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის ბანკირი. Reuters-ის ცნობით, დმიტრიევს მჭიდრო კავშირები აქვს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთ მაღალჩინოსანთან.
დმიტრიევი მონაწილეობდა რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრაში, რომელიც თებერვალში საუდის არაბეთში გაიმართა.
კირილ დმიტრიევი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ერთად ჩართული იყო ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთში 2021 წლის ზაფხულში დაკავებული ამერიკელი მასწავლებლის, მარკ ფოგელის გათავისუფლების პროცესში. ფოგელი, რომელსაც 14-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, 2025 წლის თებერვალში გაათავისუფლეს.
