პუტინისადმი ნდობა ე.წ. მეგობრულ ქვეყნებში მრავალწლიან მინიმუმამდე დაეცა. ამის შესახებ Pew Research Center-ის კვლევის შედეგებში წერია, რასაც The Moscow Times ავრცელებს.
Pew-ის შეფასებით, პუტინის ანტიდასავლურ რიტორიკასა და მოწოდებას, ერთად აეშენებინათ „მრავალპოლარული” სამყარო, ენთუზიაზმი არ გამოუწვევია გლობალური სამხრეთის ქვეყნების მცხოვრებლებში, რომლებსაც კრემლი „მეგობრულს” უწოდებს.
ლათინური ამერიკის, ასევე, რუსეთის საკვანძო სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, ინდოეთსა და თურქეთში წელს მოქალაქეების ნდობა პუტინის მიმართ მრავალწლიან მინიმუმამდე დაეცა.
კერძოდ, ინდოეთში, რომელსაც კრემლი „სტრატეგიულ პარტნიორს“ უწოდებს, მოქალაქეების მხოლოდ 39% თვლის, რომ პუტინს საერთაშორისო საქმეებში სწორად მოქმედება შეუძლია. წინა კვლევის შემდეგ პუტინის ნდობის რეიტინგი ინდოეთში 3 პროცენტული პუნქტით დაეცა და 2017 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა.
თურქეთში, რომელსაც პუტინი რუსეთის „ყველაზე სანდო პარტნიორს“ უწოდებს, მის მიმართ ნდობის დონე, ასევე, 7-წლიან „ფსკერამდე“ დაეცა. საერთაშორისო საქმეებში პუტინი ნდობას მხოლოდ თურქეთის მოქალაქეების 29%-ისთვის იმსახურებს.
მან სრულფასოვანი პიარ-კატასტროფა ლათინურ ამერიკაშიც განიცადა, რომელსაც დასავლურ „კოლონიალიზმთან“ ბრძოლისკენ მოუწოდა. კერძოდ, ბრაზილიასა და ჩილეში პუტინისადმი ნდობის მაჩვენებელი 2007 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე, შესაბამისად, 10%-მდე და 12%-მდე დაეცა. კოლუმბიაში გამოკითხულთა მხოლოდ 18%-მა განაცხადა, რომ პუტინს ენდობა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგია. მექსიკაში პუტინის რეიტინგი წლის განმავლობაში 1 პროცენტული პუნქტით, 24%-მდე შემცირდა, რაც 2018 წლის შემდეგ, ასევე, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
Pew-ის კვლევაში მოხვედრილი გლობალური სამხრეთის 20 ქვეყნიდან მხოლოდ ორი ქვეყნის მოქალაქეების ნახევარზე მეტმა, კერძოდ, მალაიზიაში 61%-მა, ხოლო ფილიპინებზე 59%-მა განაცხადა, რომ პუტინს მსოფლიო პოლიტიკაში ენდობა. მან შედარებით მაღალ შედეგს ბანგლადეშსა (50%) და კენიაშიც (47%) მიაღწია.
BRICS-ის წევრ სამხრეთ აფრიკაში, რომელსაც პუტინი, ასევე, “სტრატეგიულ პარტნიორს” უწოდებს, მისადმი ნდობის დონე ზედიზედ მეორე წელია, 2014 წლის შემდგომ მინიმუმზე რჩება და 30%-ს შეადგენს. აფრიკის სხვა ქვეყანაში, განაში პუტინის მოწონების რეიტინგი, Pew-ის გამოკითხვის თანახმად, 33%-მდე დაეცა.
მთლიანობაში, 35 ქვეყანაში, სადაც კვლევა ჩატარდა, მცხოვრებლების 65% რუსეთს უარყოფითად აფასებს, ხოლო 28% ფედერაციის მიმართ კეთილგანწყობილია. ამასთან, პუტინისადმი დამოკიდებულება ოდნავ უარესია, ვიდრე მთლიანად ქვეყნის მიმართ. კერძოდ, 73%-ს არ სჯერა, რომ პუტინი საერთაშორისო საქმეებში სწორად იმოქმედებს, ხოლო 21% მას ენდობა.
წყარო: bpn.ge
