პუტინის მზაობა ცეცხლის შეწყვეტაზე საჩვენებელი პოზაა — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი პუტინის სიტყვებს, რომ თითქოს ის მზადაა ცეცხლის შესაწყვეტად, აფასებს, როგორც თვალთმაქცობას, საჩვენებელ პოზას და თვლის, რომ სამშვიდობო პროცესის დროში გაწელვას ეცდება.
ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
„მე ვფიქრობ, რომ პუტინის რეაქცია, რაც ვნახეთ, უფრო მეტად საჩვენებელი პოზაა… რუსები იტყვიან, „ცეცხლის შეწყვეტის მომხრეები ართ, მაგრამ…“ და ამ „მაგრამის“ მერე მოჰყვებიან დეტალებს, რომ გაამწვავონ პროცესი“, — აღნიშნა ზელენსკიმ.
პუტინმა თქვა, რომ ის ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის და რომ „იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში“ უკრაინელ სამხედროებს გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ სიცოცხლე და ღირსეულად მოეპყრობიან, როგორც ამას საერთაშორისო სამართალი მოითხოვს.
უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა კურსკის ოლქში უკრაინული ქვედანაყოფების თითქოსდა ალყაში მოქცევის საკითხსაც. მისი თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა მთავარი ამოცანა, რაც ჰქონდათ კურსკის ოპერაციაში, შეასრულეს და სხვა ადგილებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალები კურსკისკენ გადაიყვანეს. ზელენსკი აღნიშნავს, რომ კურსკის ოპერაციის წყალობით მოხერხდა სიტუაციის დასტაბილურება პოკროვსკისა და ხარკოვის მიმართულებით.
მოგვიანებით ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმაც და აღნიშნა, რომ ცნობები კურსკში უკრაინელთა ალყაში მოქცევის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, რუსების მანიპულაციაა და მსგავსი განცხადებები პოლიტიკურ ზეწოლას ემსახურება.