ადამიანის სიცოცხლეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი „ტერორისტი“ პუტინისთვის არანაირი ფასი არ აქვს, არც ქვეყნის შიგნით და მითუმეტეს არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ის დამცირებას არავის და არასდროს პატიობს! ეს კარგად უნდა სცოდნოდა პრიგოჟინს. გასარკვევი მხოლოდ ის იყო, როდის და ხერხით იძიებდა პუტინი შურს…
„ვაგნერის“ ჯგუფის მიერ ივნისის ბოლოს როსტოვში შტაბის დაკავება, პრიგოჟინის თავხედობის და პუტინის დამცირების მწვერვალი იყო – ამგვარად მიიღო ეს ფაქტი მთელმა მსოფლიომ.
თუ ავიაკატასტროფაში პრიგოჟინის დაღუპვა დადასტურდა, ეს იქნება პუტინის “პოლიტიკური გენოციდის” კიდევ ერთი შემთხვევა. ვინ იქნება შემდეგი?
23 აგვისტოს საღამოს ტვერის რეგიონში ჩამოვარდა „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი. ბიზნესჯეტი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. მასში იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის სამი წევრი. ტვერის მახლობლად, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე, სამძებრო ოპერაცია დასრულდა, ნაპოვნია თვითმფრინავში მყოფი ათივე ადამიანის გვამები.
24 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ირიბად დაადასტურა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ტვერის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფაში.
„პრიგოჟინს ვიცნობდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, 90-იანი წლების დასაწყისიდან. ის იყო რთული ბედის ადამიანი. სერიოზულ შეცდომებსაც უშვებდა და საჭირო შედეგებსაც აღწევდა საკუთარი თავისთვისაც და მაშინაც, როცა მას ამაზე ვთხოვდი ხოლმე, როგორც ამ ბოლო თვეებში. იყო ნიჭიერი ადამიანი, ნიჭიერი ბიზნესმენი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
2020 წლის 30 იანვარს სასტიკად მოკლეს საფრანგეთში მცხოვრები ჩეჩენი ბლოგერი იმრან ალიევი, მეტსახელად „მანსურ სტარი“.
ამავე წლის 26 თებერვალს შვედეთში მცხოვრები ცნობილი ჩეჩენი ბლოგერისა და რამზან კადიროვის კრიტიკოსის თუმსო აბდურაჰმანოვის ბინაში უცნობი მამაკაცი შეიჭრა და მძინარე ბლოგერს თავში რამდენჯერმე ჩაარტყა ჩაქუჩი, თუმცა აბდურაჰმანოვმა მოახერხა თავდამსხმელის მოგერიება, განეიტრალება და პოლიციისთვის ჩაბარება.
როგორც გამოძიებამ შემდგომში დაადგინა, თავდასხმის უკან რუსეთის მოქალაქეების ჯგუფი იდგა.
კადიროვის სიკვდილის ბრიგადებზე საინტერესო მოსაზრება აქვს რონდელის ფონდის მკვლევარს, ალექსანდრე კვახაძეს.
მისი თქმით, რამზან კადიროვი, რომელიც წლებია ერთპიროვნულად მართავს ჩეჩნეთის რესპუბლიკას, შეუწყნარებელია განსხვავებული აზრის მიმართ, როგორც ჩეჩენეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ:
„ჩეჩნეთში პოლიტიკური და განსხვავებული აზრის გამო დევნა არ არის ახალი მოვლენა. იქ მომუშავე არაერთი უფლებადამცველი პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების მსხვერპლი გამხდარა.
გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის მასშტაბით გავრცელებულია ე.წ. „ბოდიშის მოხდის“ ვიდეოების პრაქტიკა, როდესაც რამზან კადიროვის საჯარო კრიტიკოსს მუქარითა თუ ძალადობით თავისი სიტყვების უკან წაღებასა და რამზან კადიროვისთვის ბოდიშის მოხდას აიძულებენ და მისი მობოდიშება საჯაროვდება“.
კადიროვის და ზოგადად, პუტინის რეჟიმის მსხვერპლთა სია საკმაოდ ვრცელია და ამ ჩამონათვალში წამყვან ადგილს ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები იკავებენ.
კადიროვი-პუტინის რეჟიმის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ დევნილობაში მყოფი ჩეჩნებიც.
არის შემთხვევები, როცა რუსეთის სპეცსამსახურები მკვლელობის ადგილიდან ყველანაირ მტკიცებულებას აქრობენ და როგორც წესი, კატეგორიულად უარყოფენ გახმაურებულ მკვლელობებთან ოფიციალური მოსკოვის კავშირს.
ერთ-ერთი შემთხვევა ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას უკავშირდება.
ცხადია, პუტინის რუსეთმა ამ შემთხვევაშიც მკვლელობასთან ყოველგვარი კავშირი უარყო, თუმცა გერმანიის პროკურატურა უკვე დაბეჯითებით ირწმუნება, რომ დანაშაულში რუსეთის სპეცსამსახურების ხელი ურევია.
მომხდარის გამო, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. Bellingcat-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, ხანგოშვილის მკვლელი ვინმე ვადიმ ნიკოლაევიჩ კრასიკოვია.
ეს პიროვნება გერმანიაში ყალბი პასპორტით იმყოფებოდა. კრასიკოვს წარსულში ინტერპოლი ეძებდა, თუმცა საერთაშორისო ძებნა რუსეთის მოთხოვნით შეწყდა.
37 წლის ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მან პირადად ვლადიმერ პუტინი და მთავრობის ჩინოსნები კორუფციაში დაადანაშაულა.
ის 2009 წლის ნოემბერში ციხეში მოკლეს. საინვესტიციო ფონდის მოხსენებაში, რომელსაც ხელს აწერს ამერიკელი ინვესტორი უილიამ ბროვდერი, ნათქვამია, რომ მაგნიტსკის სამედიცინო დახმარებაზე უარი ყველა სამთავრობო უწყებამ უთხრა.
მოგვიანებით, აშშ-ს კონგრესმა დაამტკიცა და პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა ე.წ. მაგნიტსკის აქტს, რომლის მიხედვით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესდათ.
FSB-ს ყოფილი აგენტი, 44 წლის ალექსანდრე ლიტვინენკო დიდ ბრიტანეთში თავშესაფარს ითხოვდა მას შემდეგ, რაც ის ვლადიმერ პუტინის და რუსეთის სპეცსამსახურების უკანონო საქმიანობაზე ალაპარაკდა, მათ შორის ჟურნალისტ ანა პოლტიკოვსკაიას მკვლელობაზე.
უზარმაზარი ინფორმაციის მატარებელი ყოფილი აგენტი რუსეთის სპეცსამსახურებმა ლონდონში მოკლეს – მომაკვდინებელი რადიაციული ნივთიერება პოლონიუმით, რომელიც ლიტვნინენკოს ჩაიში ჩაუსხეს.
ბრიტანეთის გამოძიებამ დაასკვნა, რომ დანაშაულის უკან რუსეთის მთავრობა იდგა და ეს მკვლელობა, „სავარაუდოდ, ნებადართული იყო“ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ.
ბრიტანელი მოსამართლის რობერტ ოუენის დასკვნის თანახმად, „დიდი ალბათობით“, ლიტვინენკო მოკლეს რუსეთის მოქალაქეებმა დმიტრი კოვტუნმა და ანდრეი ლუგოვოიმ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დავალებით.
„ამასთან, დავასკვენი, რომ ბატონი ლიტვინენკოს მოსაკლავად ფეესბეს ოპერაცია, სავარაუდოდ, ნებადართული იყო ფეესბეს მაშინდელი ხელმძღვანელის, ბატონი პატრუშევის და, ასევე, პრეზიდენტ პუტინის მიერ“, – განაცხადა ოუენმა.
დიდი ალბათობით ვლადიმერ პუტინის ნებართვით მოკლეს ცნობილი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაიაც 2006 წლის 7 ოქტომბერს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან.
ჟურნალისტი აქტიურად და დაუფარავდა ამხელდა პირდად პუტინს და რუს მაღალჩინოსნებს სხვადასხვა დანაშაულში, მათ შორის კორუფციაში, ჩეჩნეთში უდანაშაულო ადამიანების დახოცვაში და ხელისუფლების დანაშაულზე ბესლანის ტრაგედიის დროს.
მას ეკუთვნის წიგნი სახელწოდებით „პუტინის რუსეთი“, სადაც დეტალურად აღწერს თუ როგორ იმართება თანამედროვე რუსეთი.
ჟურნალისტს ხშირად ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, თუმცა ის თამამად განაგრძობდა მხილებას, რაც საბოლოოდ მისი მკვლელობით დასრულდა.
2014 წელს პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ბრალდებით ეთნიკურად ჩეჩენი 5 მამაკაცი დააკავეს, თუმცა ცნობილია, რომ მათ მკვლელობისთვის 150 000 აშშ დოლარი გადაუხადეს. დამკვეთის ვინაობა, ცხადია დღემდე არ გამოვლენილა.
პოლ კლებნიკოვი კიდევ ერთი ჟურნალისტია, რომელიც ვლადიმერ პუტინს და რუს ოლიგარქებს ამხელდა. ის 2004 წლის 9 ივლისს მოკლეს მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა ოლიგარქების სკანდალური სია, მათი კავშირები ვლადიმერ პუტინთან.
კლებნიკოვი გახლდათ ჟურნალისტური გამოძიების ავტორი, რომელმაც რუსი მაღალჩინოსნები კორუფციაში ამხილა. იგი გახლდათ რუსული „ფორბსის“ რედაქტორი. მოკლეს რედაქციიდან გამოსვლის მომენტში.
პარტია „ლიბერალური რუსეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი სერგეი იუშენკოვი მოკლეს თავისივე სახლის სადარბაზოს წინ.
ის მოკლეს 2003 წლის 16 აპრილს, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ მისი პარტია მონაწილეობას მიიღებდა საპარლამენტო არჩევნებში.
ის გახლდათ პუტინის აშკარა მოწინააღმდეგე და ერთ-ერთი პირველი კრიტიკოსი. გარდაცვალებამდე იუშენკოვი ღიად მიანიშნებდა რამდენიმე გახმაურებულ მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირზე.
ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა დაცვის ჩეჩენი აქტივისტი და ორგანიზაციის – Memorial – საბჭოს წევრი ნატალია ესტემიროვა 2009 წლის 15 ივლისს, 08:30 საათზე გაიტაცეს გროზნოში მდებარე საკუთარი სახლიდან.
იმ დროისთვის ესტემიროვა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევების „უკიდურესად მწვავე“ შემთხვევებზე მუშაობდა, სადაც რუსეთის ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები იკვეთებოდა.
ორი თვითმხილველის თქმით, მათ დაინახეს, როგორ ყვიროდა ესტემიროვა გატაცების მომენტში, როდესაც აქტივისტს მანქანაში ძალით ტენიდნენ.
იმავე დღეს მისი ცხედარი თავისა და მკერდის არეში ტყვიისგან მიყენებული ჭრილობებით, კავკაზის ფედერალური გზიდან 100 მეტრის მოშორებით, ტყეში იპოვეს.
მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ესტემიროვამ მიიღო მუქარის შეტყობინება პუტინის ახლო მოკავშირის, ჩეჩნეთის ლიდერის – რამზან კადიროვის სახელით.
2009 წლის 19 იანვარს ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი მოსკოვში, კრემლის მახლობლად სეირნობდა, როდესაც ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
მასთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმეს „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი ანასტასია ბაბუროვა, რომელიც ადვოკატის დახმარებას ცდილობდა.
მარკელოვი სასამართლოში არაერთ გახმაურებულ საქმეს წარმოადგენდა, სადაც პირადად ვლადიმერ პუტინის ინტერესები იკვეთებოდა, მათ შორის ის იცავდა ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას ინტერესებს.
ბოლოს, ის გახლდათ ჩეჩნეთში მოკლული ახალგაზრდა გოგონას, ელზა კუნგაევას ოჯახის ადვოკატი.
კუნგაევა რუსეთის არმიის ყოფილმა პოლკოვნიკმა იური ბუდანოვმა მოკლა. 2003 წელს ბუდანოვს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ 2009 წლის იანვარში ვადამდე გაათავისუფლეს.
სტანისლავ მარკელოვმა გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს უარი, განეხილა მისი განაცხადი ბუდანოვის გათავისუფლების გაუქმების შესახებ. საჩივრის შეტანიდან რამდენიმე საათში კი ადვოკატი მოკლეს.
რუსეთის მხრიდან „სახელმწიფო ტერორიზმის აქტი“ – ასე შეაფასა უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე 2017 წლის 23 მარტს მომხდარი მკვლელობა.
შეიარაღებული თავდასხმისას მოკლეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრი, დენის ვორონენკოვი, რომელიც ერთი წლით ადრე გადასახლდა უკრაინაში და აკრიტიკებდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.
ვორონენკოვის მკვლელობასთან დაკავშირებით უკრაინის პოლიცია განიხილავს მკვლელობასთან რუსეთის კავშირის ვერსიას. ამის შესახებ აცხადებს უკრაინის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს უფროსი ალექსანდრ ვაკულენკო.
ვორონენკოვი მოკლეს, როცა მიდიოდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ასევე ყოფილ წევრთან, ოპოზიციონერ ილია პონომარიოვთან შესახვედრად.
როგორც იუწყებიან, თავდამსხმელმა, სულ ცოტა, რვაჯერ ესროლა 45 წლის ვორონენკოვს. მომხდარი სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.
ვორონენკოვის მცველმა კი თავდამსხმელს ესროლა, დაჭრა ის, რის შემდეგაც თავდამსხმელი მეზობელ ქუჩაზე დააკავეს პოლიციელებმა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს, კრემლთან ახლოს მოკლეს. მას ზურგში ოთხი ტყვია ესროლეს.
მის მკვლელობასთან ვლადიმერ პუტინის კავშირზე ყველაზე ნათლად თავად ნემცოვის ინტერვიუ მეტყველებს, რომელიც მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე რუსულმა გამოცემამ Собеседник გამოაქვეყნა.
„როცა დედას ტელეფონზე ვესაუბრები, მეუბნება: როდის უნდა შეწყვიტო პუტინთან მტრობა? ის შენ მოგკლავს!.. და ამას სრული სერიოზულობით ამბობს…
არასოდეს დამიფარავს ჩემი პოლიტიკური შეხედულებები. მიმაჩნია, რომ სწორედ მან, ვლადიმირ პუტინმა გააჩაღა ომი უკრაინაში. ახლა მისდამი ისეთი უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, როგორც არასდროს.
მართალია სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა ცხადია, კრემლი ამას არ ელოდა. რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობა 2018 წლის 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში სცადეს.
თავდასხმის შედეგად ასევე მოიწამლა მოსკოვიდან მამასთან სტუმრად ჩასული იულია სკრიპალი და დაზიანება მიიღო სულ მცირე 21-მა ადამიანმა.
გამოძიების ინფორმაციით, მამა-შვილი ნევრულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.
სერგეი სკრიპალი 20 წელზე მეტია რუსეთის თავდაცვის უწყებაში მუშაობდა, რის შემდეგაც, რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამსახურში გადავიდა.
მისი მთავარი მოვალეობა სპეცსამსახურისთვის ახალი კადრების მოძიება და შერჩევა იყო. 1995 წლიდან მან ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურთან საიდუმლო კავშირი დაამყარა.
11 წლის განმავლობაში ის სწორედ ბრიტანეთის სპეცსამსახურთან თანამშრომლობდა. 2004 წელს მას სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი.
სკრიპალმა პატიმრობაში 6 წელი გაატარა. ის, 2010 წელს, ვადაზე ადრე აშშ-სა და რუსეთს შორის ჯაშუშების გაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების შემდეგ გაათავისუფლეს.
2020 წლის 30 იანვარს საფრანგეთში, ქალაქ ლილში მოკლეს რამზან კადიროვის მიმართ კრიტიკულად განწყობილი 44 წლის ბლოგერი იმრან ალიევი, ცნობილი, როგორც „მანსურ მოხუცი“.
როგორც „გარდიანი“ წერს, ალიევი სასტუმროს ნომერში, დანით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი ნახეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ალიევი შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია, რომელსაც ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, პოლიტიკური მოტივის ნიშნების ახლავს.
26 თებერვალს, უცხო პირები თავს დაესხნენ ევროპაში მცხოვრებ ჩეჩენ ბლოგერს, თუმსო აბდურაჰმანოვს.
ბლოგერმა თვდამსხმელის მოგერიება და პოლიციის გამოძახება მოახერხა. მის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს იატაკზე გართხმული მამაკაცი, რომელიც ამბობს, რომ ის მოსკოველია და ბლოგერის „დაშინება“ მას ვინმე აბდურაჰმანმა დაავალა, გროზნოდან.
თუმსო აბდურაჰმანოვი 2015 წლის ნოემბერში გაიქცა ჩეჩნეთიდან, სადაც ის ექსტრემისტულ გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ურთიერთობასა და სირიაში ბრძოლაში დაადანაშაულეს.
ბლოგერი ამტკიცებდა, რომ არასოდეს ყოფილა სირიაში და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა მისთვის წაყენებულ ბრალდებებს.
ასევე ნახეთ:
მოოქრული უნიტაზი, ცხენების კოლექცია, მილიონები და სასახლე ოქროს ნივთებით – რა ქონებას ფლობს რამზან კადიროვი
„ჩვენ ვერ გავხდებით ერთი ასაკის, ვეღარ დამეწევი… შენ სულ პატარა ფერია იქნები… “ – გვანცა ბუბაშვილის მეგობრების ემოციები
„ვეღარც მზის მოსვლით ვერ შეივსება, ეს შემზარავი სიცარიელე“ – ტარიელ ხარხელაური
„ნაპოვნია ძვირფასეულობა, პირადობის მოწმობები, საყოფაცხოვრებო ნივთები…“ – უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან