მოსკოვის ოლქის ყოფილმა ვაჭრობის მინისტრმა, ზუგდიდში დაბადებულმა მიხეილ ხუბუტიამ ყოფილი მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ხუბუტიამ ყოფილ შეყვარებულს დაზიანებები მაშინ მიაყენა, როდესაც მათ მცირეწლოვან შვილს მეზობელ ოთახში ეძინა.
არსებული ინფორმაციით, ხუბუტია ოდინცოვოს რაიონის სოფელ ტრეხგორკაში ჩავიდა, სადაც Van Tea-ს ჩაის სახლის მფლობელი, იულია ვანი ცხოვრობს. ისინი ურთიერთობაში იყვნენ 2024 წლის დეკემბრამდე და წყვილს შვილიც შეეძინა.
ქალის ნათესავების თქმით, მას შემდეგ, რაც იულია ვანმა დაშორება გადაწყვიტა, ხუბუტიამ მის მიმართ მუქარები დაიწყო და დაჰპირდა, რომ ბავშვს და ქონებას წაართმევდა, თავად ქალს კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტავდა.
პარასკევს, გასულ ღამეს ის იულიასთან მივიდა, სახლში შეიჭრა და ქალს თავს დაესხა. იულიამ დახმარებითვის ძიძას მიმართა, რომელმაც პოლიციას და იულიას ნათესავებს შეატყობინა. პოლიციის მისვლამდე ხუბუტია ადგილიდან მიმალა. . ქალი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი მონაცემებით, ხუბუტიამ თავდასხმისას ჩაქუჩი ან ნაჯახი გამოიყენა.
დანაშაულის შესახებ ყვება იულია ვანი ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეოში.
“გუშინ ღამით იყო ჩემი მკვლელობის მცდელობა. დაახლოებით 23:00 საათზე, მიხეილ ხუბუტია ნაჯახით შემოიჭრა ჩემს სახლში, კიდურებში დამჭრა და თავში დამარტყა. ამ დროს ჩვენ ქალიშვილსა და ძიძას მეზობელ ოთახში ეძინათ.
2018 წლიდან ურთიერთობაში ვიყავით, გვყავს საერთო ქალიშვილი, 2024 წლის დეკემბერში დავშორდით, რის შემდეგაც ის განუწყვეტლივ მემუქრებოდა, რომ ბავშვს წამართმევდა, ყველა ქონებას ჩამომართმევდა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამომკეტავდა, არაერთხელ მიმეორებდა, რომ ბავშვი არ სჭირდებოდა და ჩემს პირად ნივთებს ამტვრევდა.
ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვარ, ხელებსა და ფეხებზე ღრმა ჭრილობებზე ნაკერი დამადეს.
მაქსიმალურად გაავრცელეთ ეს ამბავი. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი, რომ ეს დაუსჯელი არ დარჩეს,” – აცხადებს იულია ვანი.