პურ-ფუნთუშეულის მაღაზიათა ქსელ ,,პასტიჩერია ნაპოლის” პირველი ფილიალი უახლოეს 10 დღეში ფალიაშვილის 77 ნომერში გაიხსნება. ის მომხმარებელს თავდაპირველად სატესტო რეჟიმში მოემსახურება. მაღაზიათა ქსელი საწყის ეტაპზე 3 ობიექტს გააერთიანებს. პირველის საინვესტიციო ღირებულება 200 000 დოლარს შეადგენს. იდეის ავტორი პიცერია “ნაპოლის” დამფუძნებელი მამუკა კილაძეა.
,,ჯერ ერთი მაღაზიით შემოვიფარგლებით. როგორც კი გაიხსნება ეგრევე ვიწყებთ შემდეგი ლოკაციების მოწყობას. მოძიებული გვაქვს უკვე. საწყის ეტაპზე სამი მაღაზია იქნება. 2 მაღაზია ვაკეში და მესამე ვერაში. 200 000 დოლარია პირველი მაღაზიის საინვესტიციო ღირებულება. იგულისხმება ყველა ხარჯი. მათ შორის დანადგარები, ინვენტარი, ბრენდინგი და სხვა.’’- აცხადებს მამუკა კილაძე.
მაღაზიათა ქსელი მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის პურ-ფუნთუშეულს შესთავაზებს. მამუკა კილაძე ამბობს, რომ ყველა პროდუქტში უსაფუვროდ გამომცხვარ ცომს გამოიყენებენ. მისივე თქმით, “პასტიჩერია ნაპოლის” პროდუქცია განკუთვნილია მათთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ვისაც ჯანსაღი პურისა და ფუნთუშეულის მირთმევა სურს.
,,წარმოდგენილი იქნება პრემიუმ ხარისხის პურ-ფუნთუშეული. რაც კეთდება ხელით და უმაღლესი ხარისხის ნედლეულით. გამოვიყენებთ იტალიურ ფქვილებს და ავსტრიულ ჭვავს. გვექნება კრუასანის ხაზი. ასევე, წარმოდგენილი გვექნება დესერტები, რომელიც იქნება იტალიური სამზარეულოდან. ასევე გვექნება სენდვიჩები, რომელსაც უსაფუარო პურისგან დავამზადებთ და ტოსტები. მომხმარებელს შევთავაზებთ ჩვენს კომპოტებს და მაღალი ხარისხის ყავას, სალათებს. ეს არის ლანჩის და ბრექფასთის მიმართულებები. ბაზარზე რეალურად პურ-ფუნთუშეულის ეს მიმართულება დიდად არ არის ცნობილი. 100%-ით უსაფუარო პურით და ასეთი მაღალი ხარისხის ნედლეულით ბაზარზე თითქმის არავინ მუშაობს. მგონია, რომ ეს იქნება ახალი სიტყვა. არაჯანსაღი, საფუარითა და დანამატებით გაჟღენთილი პურის საპირისპირო პროდუქტს ვთავაზობთ მომხმარებელს. მათ ვინც კვებას და ცხოვრების წესს ყურადღებას აქცევს. ჩვენ გვაქვს მომზადების ახალი ტექნოლოგია, რომელიც შევისწავლე ავსტრიაში, იტალიასა და ესპანეთში. ჩამოყვანილი გვყავდა შეფები, რომლებმაც აქ დაგვატრენინტეს და მასტერკლასები ჩაგვიტარეს.’’- აცხადებს მამუკა კილაძე.
პიცერია “ნაპოლის” დამფუძნებელი ამბობს, რომ მათი პროდუქცია პრემიუმ ხარისხის იქნება და შესაბამისად ბაზარზე ისინი იაფ საფასო კატეგორიაში არ იქნებიან.
,,ჩვენი პროდუქცია იაფი არ იქნება. ზოგადად ხარისხიანი და იაფი ერთმანეთთან ვერასდროს ვერ მოდის. მაგრამ, ხარისხთან მიმართებაში ვცდილობთ რომ დაბალი ფასები გვქონდეს. მინდა, რომ კულტურაში ცვლილება შევიტანო. მასიური წარმოების ფურს დაბალი ხარისხი აქვს. მეორე დღეს გადასაგდებია. პურს, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ერთი კვირა ჩვეულებრივად ძლებს. საბოლოო ჯამში, შეიძლება არც გამოვიდეს იმაზე ბევრად ძვირი ჩვენი პროდუქტი. ჩვენ ვპოზიციონირდებით, როგორც პრემიუმ ხარისხის პროდუქცია, მაგრამ ფასებს რაც შეეხება ვცდილობ მაქსიმალურად ისეთი ფასი დავიჭირო, რომ არც მომხმარებელი გავაღიზიანო და ადეკვატურიც იყოს.’’- აცხადებს მამუკა კილაძე.
