პურის მწარმოებელი კომპანია “გემოვანი” არასამთავრობო ორგანიზაციას “გაერთიანება გემოვანს” აფუძნებს, – ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა ისაუბრა.
კომპანია გასულ წელს დასავლეთ საქართველოში გაფართოებას გეგმავდა, თუმცა რესურსების არარსებობის გამო, ვერ მოახერხა. ახლა კი, ჩავლეიშვილი ფიქრობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ამ გეგმის სრულყოფაში დაეხმარება. მისივე თქმით, ამ საქმის განხორციელებას ის ახლა დონორებისგან მიღებული რესურსებით მოახერხებს.
„ქართულ ხორბალს არ ჰყოფნის ძალა, რომ მოწადინებულმა ბიზნესმა საჭირო სახსრები დააგენერიროს, რადგან ქვეყანაში ძირითადად იმპორტირებული, იაფი ხორბალია და ბაზარიც იაფ პურს არის მიჩვეული. შესაბამისად, მხოლოდ ბიზნესის სურვილიც არ არის საკმარისი, რომ ქართული ხორბლისგან დამზადებული ჯანსაღი პური იწარმოოს. ამიტომ, სხვა გზების ძიებაზე გადავედით და ჩამოვაყალიბეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, მისი დახმარებით გეგმებს დონორებიდან მიღებული რესურსების საშუალებით განვახორციელებთ“, – ამბობს კომპანია “გემოვანის” დამფუძნებელი და დასძენს რომ, მათ შორის განიხილება ახლად შექმნილი გრანტების მართვის სააგენტოს საშუალებით, სახელმწიფოსგან დაფინანსების მოძიებაც.
მისი თქმით, სახელმწიფო უწყებებთანაც ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
„არასამთავრობო ორგანიზაცია თავს მოუყრის ისეთ მეწარმეებს, რომლებიც აწარმოებენ ქართული ჯიშის პროდუქტებს, რომელიც არამარტო ხორბალს მოიცავს. მეორე მხრივ, ისეთ მომხმარებლებს, რომლებიც ნატურალური პროდუქციის შესყიდვით არიან დაინტერესებული. ინტერესდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ფასზე მეტად, ხარისხზე არიან ორიენტირებული.
ამ კუთხით, არასამთავრობო ორგანიზაცია მომხმარებელს უწყვეტ რეჟიმში, სხვადასხვა არხის საშუალებით მიაწვდის ინფორმაციას, თუ რას ნიშნავს უვნებელი სურსათი და მარგებელი საზრდელი. მეორე მიმართულება იქნება, წარმოების ხელშეწყობა. მესამე კი რეალიზაციის ხელშეწყობა“, – აცხადებს ირაკლი ჩავლეიშვილი.
გარდა ამისა, ორგანიზაცია „გაერთიანება გემოვანი” დაინტერესებულებს პურის ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსებსაც შესთავაზებს.
ცნობისთვის, კომპანია “გემოვანი” პურის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან შემოვიდა და პურს მხოლოდ ქართული ჯიშის ხორბლისგან აწარმოებს.
