პურის გარკვეული სახეობა 10 თეთრით გაძვირდა – „ეს რომ არაქსელურმა მაღაზიებმა გაიგეს, ყველას თვითნებურად მოამატეს ფასი“

ერთ კონკრეტულ მაღაზიათა ქსელში პურის ერთ-ერთი ასორტიმენტის ფასი 10 თეთრით გაიზარდა. კერძოდ, 530 გრამიანი პროდუქტი 1.20 ლარის ნაცვლად, 1.30 ლარი გახდა, ხოლო 410 გრამიანი 1 ლარიდან 1.10 ლარამდე გაძვირდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე აცხადებს, ეს იყო ერთ-ერთი საცხობის ყველაზე დაბალფასიანი კონკრეტული ასორტიმენტი, რომელიც მხოლოდ ერთ ქსელურ მაღაზიაში შედის. თუმცა, არაქსელურმა მარკეტებმა თვითნებურად მოუმატეს პურს ფასი.
„პური არ გაძვირებულა. ერთმა საცხობმა, ერთ ასორტიმენტზე შეცვალა ფასი. გაძვირება არის როცა მასიურად ძვირდება. ძალიან გთხოვთ, ზუსტად განმარტოთ ხოლმე. ერთ ასორტიმენტზე შეიცვალა, იმიტომ რომ ფქვილის ფასებია გაქცეული ძალიან, 60 ლარი ღირს ერთი ტომარა, შარშან 50 ღირდა.
უნდა იკითხოთ ხოლმე ქსელურებში, თორემ არაქსელურმა მაღაზიებმა რომ გაიგეს ერთი ასორტიმენტის პურის ფასი გაიზარდაო, აიღეს და ყველას თვითნებურად მოამატეს ფასი“,- ამბობს მალხაზ დოლიძე „ბიზნესპრესნიუსთან“.
კითხვაზე, თუ ამის მიზეზი ფქვილის გაძვირებაა, უნდა ველოდოთ თუ არა სხვა ასორტიმენტის გაძვირებასაც, მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ არა.
„არ არის მოსალოდნელი და არც ვცვლით. მხოლოდ ერთ ასორტიმენტზე შეიცვალა ისიც, 10 თეთრიდან რომელიც მოუმატეს, 7 თეთრი რჩება საცხობს, 3 თეთრი მაღაზიას. იქ [სადაც ფასი არ მომატებულა] სხვა კომპონენტები შედიოდა, მას შესაფუთი მასალა, დაჭრა სჭირდება, შრომა და იქ ისედაც გაზრდილი იყო ფასი და შესაბამისად, ეს გათვალისწინებულია. ეს კი არის ყველაზე დაბალფასიანი ასორტიმენტი და აქ არ იყო გათვალისწინებული“,- ამბობს მალხაზ დოლიძე.