„პურთან მიმართებაში გამოწვევები არაა“ – ლევან სილაგავა

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა ხორბლის მოსავლის აღებისა და ჩაბარების პროცესს აფასებს. როგორც სილაგავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, წლევანდელი წელი შარშანდელთან შედარებით საკმაოდ წარმატებულია, ხორბლის რაოდენობა, მოსავალი, უკეთესია და წინასწარი მონაცემებით, ის 200 000 ტონის ფარგლებშია.
“წელს უკეთესი სიტუაცია იყო, ვიდრე შარშან. რა თქმა უნდა, გამოწვევები იყო და წელსაც ფასის მხრივ, ფერმერებს გარკვეული უკმაყოფილების გრძნობა აქვთ, თუმცა ფასთან მიმართებით მინდა, ვთქვა, რომ ეს მსოფლიო ბაზრის ტენდენციებიდან გამომდინარეა, ჩვენ ვერსად წავალთ, რადგან საბაზრო ეკონომიკაა და საქართველოში ფასი იმპორტირებული ხორბლის შესაბამისადაა ჩამოყალიბებული. იცით, რომ წელს პირველად სოფლის მეურნეობის სამინისტროში შტაბი იყო შექმნილი, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, წისქვილკომბინატების წარმომადგენლები, პურის მწარმოებლები და ფერმერები იყვნენ გაერთიანებულები. სიტუაცია და გამოწვევები პერიოდულად განიხილებოდა. მინდა, ვთქვა, რომ წელს ნაკლები გამოწვევა იყო. მოკლედ რომ გითხრათ: ხორბლის რაოდენობა, მოსავალი, უკეთესი იყო და წინასწარი მონაცემებით, 200 000 ტონის ფარგლებშია. ჩვენ სასურსათეს ვეხებით, დაახლოებით 40 000 ტონა ჩაბარებულია, დანარჩენი ჩაბარებული არ არის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ფერმერები მთლიანობაში გარკვეულწილად შემდგომ პერიოდს ელოდებიან, ისტორიულად ზამთრისკენ როდესაც მიდის ტენდენცია, ფასის მატება ხდება ხოლმე. შესაბამისად, ეს მათი გადასაწყვეტი იყო, პირველ ეტაპზე ჩაებარებინათ, თუ შეენახათ. წისქვილკომბინატებში ჩაბარების ფასი 1 კილოგრამზე 60-65 თეთრის ფარგლებში იყო, იმპორტირებული ხორბლის ფასი კი დაახლოებით 74-45 თეთრი. რითაა გამოწვეული სხვაობა – თქვენ იცით, რომ გადასახადის საკანონმდებლო მიმართულებით ქართული ხორბლის მიწოდება დღგ-დან გათავისუფლებულია. იმპორტირებული ხორბლის მოტანა და მიღება დღგ-ს ჩათვლის პრინციპით ხორციელდება. ეს დაახლოებით ის 18 % -ია, რომელიც სხვაობას იძლევა. ეს არის დღევანდელი სიტუაცია. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს წელი შარშანდელ წელთან შედარებით საკმაოდ წარმატებული იყო”, – განაცხადა ლევან სილაგავამ.
სილაგავა ფქვილზე საიმპორტო გადასახადის 1-ელ მარტამდე გახანგრძლივებასაც გამოეხმაურა.
“რატომ გახდა გახანგრძლივება საჭირო – 2021 წელს, როდესაც რუსეთმა მცურავი ბაჟი შემოიღო, საპირწონედ ეს გადასახადი გაკეთდა. დან მცურავი ბაჟი ჯერ კიდევ მოქმედებს, ამიტომ საპირწონედ ამ დამაბალანსებელმა გადასახადმა უნდა იმოქმედოს. ეს სწორი კონკურენციის პირობებს ქმნის, ამ შემთხვევაში საქართველოში ფქვილზე, ხორბალზე იმპორტიც მოდის, ადგილობრივი წარმოების ხორბალიც ჰბარდება და პურის ფასიც სტაბილურია. თუ ნებისმიერ დროს რუსეთიდან მცურავი ბაჟი მოიხსნება, თავისთავად ცხადია, აქეთა მხრიდან დამაბალანსებელი გადასახადის საჭიროება არ იქნება. ამჟამად 1 ტომარა ფქვილზე ფასი 50 ლარის ფარგლებშია. წინა წელთან შედარება რომ გავაკეთოთ, წინა წლის ივნისის თვიდან, რაც ეს დადგენილება შემოვიდა, ფასები საკმაოდ დაბალია. იყო 44 ლარის, 47 ლარის ფარგლებში , წელს 50 ლარის ფარგლებშია. ჭერს გეუბნებით. ეს ის ფასია, სადაც წისქვილკომბინატები, პურის მწარმოებლები თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ. პურთან მიმართებაში გამოწვევები არაა. ვიცით, რომ მეპურეებმა სამიზნე ფასი დაასახელეს და ეს 1 ტომარა ფქვილზე 52 ლარია . ტენდენცია , რომელიც წლების განმავლობაში განვითარდა, სრულიად სტაბილურია. ამაში მეპურეებიც გვეთანხმებიან. წინა ანალიტიკა, რაც ადრე იყო გამოქვეყნებული და დღევანდელი, რომელიც მოსალოდნელ ფასებთანაა დაკავშირებული, არავითარ წინაპირობას არ იძლევა იმისთვის, რომ ფქვილიდან გამომდინარე პურის ბაზარზე რაიმე კატაკლიზმები მოხდეს. ფასი სტაბილურია, არც ბაზარი მიუთითებს იმაზე, რომ გარკვეულწილად ფასების მომატება მოხდეს”, – განაცხადა სილაგავამ.
kvira.ge