“პუბლიკის” ნაცემი ჟურნალისტის, ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ შსს-მ სასამართლოს მიმართა

ონლაინგამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტისა და ფოტორეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მიმართა. პოლიციამ, იგი 29 ნოემბერს საპროტესტო აქციის დაშლისას დააკავა და დაკავებისას სცემა.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ალექსანდრე ქეშელაშვილი ამბობს, რომ მომხდარიდან ორი თვის შემდეგ სასამართლოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მას 29 ნოემბრის აქციაზე წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას [ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილი] ედავება.
ადმინისტრაციული საქმის განხილვა 25 თებერვალს, 16 საათზეა ჩანიშნული.
“ახლა დამირეკეს სასამართლოდან, მოსამართლე ნინო ენუქიძის დავალებით, რომ დაბარებული ვარ 25 თებერვალს და გამახსენეს, რომ მე 29 ნოემბერს ვარღვევდი წესრიგს. მე, რა თქმა უნდა, დავაზუსტე, რატომ ამდენი ხნის შემდეგ? მითხრეს, რომ ახლა, 11 თებერვალს მოგვმართა შინაგან საქმეთა სამინისტრომო.
რა თქმა უნდა, მივალ ადვოკატთან ერთად და ძალიან საინტერესოა, რა მასალები ექნებათ. რა თქმა უნდა, არაფერი ექნებათ, რადგან არაფერი ყოფილა მსგავსი. ჩვენ გვაქვს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ დამაკავეს და მცემეს. განსაკუთრებული მოლოდინი არც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მქონია და არც სასამართლოსგან მაქვს, რომ ფაქტებს და ვიდეომტკიცებულებებს დაეყრდნობიან და არა, მაგალითად, ცრუ მოწმეებს”, – ამბობს ის.
ალექსანდრე ქეშელაშვილი პოლიციამ 29 ნოემბერს დააკავა და დაკავებისას სცემა. როგორც ის ამბობს, მას გაუსწორდნენ, როგორც ჟურნალისტს.
„თავიდანვე ვუმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მგონი მაგან პირიქით იმოქმედა, ისეც მაგინებდნენ და მერე ჟურნალისტობის გამოც დამიმატეს. ერთგვარ „დერეფანში“ გამატარეს, სადაც მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ძირითადად, სახეში“, – ჰყვება ქეშელაშვილი.
„სრულიად გაუგებარ სიტუაციაში დამაკავეს და მცემეს ნიღბიანმა პირებმა. გამოცვივდნენ მოქალაქეების დასაკავებლად, მე გვერდით ვიყავი, მაგრამ მაინც უფრო უკან დახევას ვცდილობდი და ამ დროს წამავლეს ხელი…
ხელიდან ხელში გადავყავდით. ყველა სათითაოდ მირტყამდა, სანამ ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის უკანა ტერიტორიის გავლით, 9 აპრილის ქუჩამდე არ ამიყვანეს. იქ გამიკეთეს ბორკილები”, – იხსენებს იგი.
ჟურნალისტის მონათხრობის თანახმად, წაართვეს კამერები, ჟურნალისტის სამკერდე ნიშნები და აირწინაღი. მოგვიანებით, იგი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.