ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინო-ბაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს უპრეცედენტო რაოდენობის – 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს – ინფორმაციას პუბლიკა ავრცელებს და აქვეყნებს მოპოვებულ სიას, თუ ვინ იქნებიან ოფიციალური წარმომადგენლები.
პუბლიკა EFM-ის ვებგვერდზე დაყრდნობით წერს, რომ ოფიციალური წარმომადგენლების სიაში პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი და არხის ჟურნალისტი სალომე გობრონიძე არიან.
ამასთან, ოფიციალური წარმომადგენლების სიაში არიან თავად კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაიაც, კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი და პროპაგანდისტული POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია.
პუბლიკა წერს, რომ კინოცენტრის დელეგაციის 32 წევრიდან 11, მათ შორის გური სულთანიშვილიც, კინოექსპორტის სპეციალისტად/მენეჯერადაა გაფორმებული. რაც შეეხება ჟურნალისტ სალომე გობრონიძეს – მას კინოცენტრი გზავნის, როგორც პიარის დეპარტამენტის თანამშრომელს.