“პუბლიკა”: “არქიმ” ბინების გაყიდვა ისე დაიწყო, რომ სამშენებლო ნებართვა არ აქვს

“არქიმ” 556 ბინა გაყიდა პროექტებში, რომელთა მშენებლობის ნებართვაც ჯერ არ მიუღია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “პუბლიკა” ავრცელებს.

გამოცემას კითხვაზე, რატომ დაიწყეს ბინების გაყიდვა “გრანდ ავენიუს” პროექტში, ვიდრე მშენებლობის ნებართვას მიიღებდნენ, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ივლიანე წულაიას სამშენებლო კომპანიაში პასუხობენ, რომ “სამშენებლო ნებართვის აღებამდე ორი ან სამი თვით ადრე გაყიდვების დაწყება დეველოპმენტში მიღებული პრაქტიკაა”. 

  • პროექტ “გრანდ ავენიუს” ბინების გაყიდვა 20 სექტემბერს დაიწყო, თუმცა “არქის” ამ დრომდე არ აქვს თბილისის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული პროექტი და მშენებლობის ნებართვა.
  • კომპანიამ პროექტების შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად არქიტექტურის სამსახურს ოქტომბერში მიმართა.

ამ დროისთვის „გრანდ ავენიუს“ მხოლოდ ორ კორპუსში – A და B ბლოკებში იყიდება ბინები და ხოლო 556 ბინა უკვე გაყიდულია.

“პუბლიკას” კომპანიაში განუცხადეს, რომ სამშენებლო პროცესის დაწყებას იანვრიდან აპირებენ.

“არქი” სადგურის მოედნის მიმდებარედ, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსების აშენებას გეგმავს. პროექტის აშენება “ქალაქი ქალაქში” კონცეფციით არის დაგეგმილი. ფართის საერთო ტერიტორია 20 ჰექტარს აღემატება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წერეთლის გამზირთან დამაკავშირებელი მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობაც.

გრანდ ავენიუს განაშენიანების რეგულირების გეგმა 3 წლის წინ დამტკიცდა, რაც საზოგადოებისთვისაც ცნობილია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვის აღების პროცედურები, რომლებიც დასკვნით ეტაპზეა და მომდევნო კვირებში დასრულდება, რის შემდეგაც დავიწყებთ მშენებლობას.

სამშენებლო ნებართვის აღებამდე ორი ან სამი თვით ადრე გაყიდვების დაწყება დეველოპმენტში მიღებული პრაქტიკაა, მით უმეტეს მაშინ, როცა განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცებულია. გრანდ ავენიუს მომხმარებელი ბინის შეძენის მომენტიდან სრულად ინფორმირებულია, რომ სამშენებლო პროცესი 2026 წლის იანვრიდან დაიწყება,” – განუცხადეს “პუბლიკას” კომპანიაში. 

ცნობისთვის, ტერიტორიის მფლობელი და პროექტის დამკვეთი შპს “დადიანი ინვესტია”. ეს ტერიტორია “დადიანი ინვესტმა” აპრილში შეიძინა “ოცნების” დეპუტატ ნინო წილოსანთან დაკავშირებული კომპანიისგან, რომელიც ცათამბჯენების აშენებას გეგმავდა.

  • “დადიანი ინვესტის” 27%-იან წილს ფლობს “ოცნების” ყოფილი დეპუტატი და “არქის” დამფუძნებელი ივლიანე წულაია.
  • ამავე კომპანიის 7%-იან წილს ფლობს კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას დედის, მარინა კოდუას კომპანია “ზფ კაპიტალი”.
  • 1%-იანი წილი კი წულაიასგან ერთ ლარად შეიძინა ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა.