“ეს იყო მიზანმიმართული ძალადობა ჟურნალისტებზე” – ამის შესახებ გამოცემა “პუბლიკას” მთავარმა რედაქტორმა, ლიკა ზაკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “პუბლიკას” ორი ჟურნალისტი, რომლებსაც დაპირისპირების დროს მობილური ტელეფონები წაართვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, კახა კალაძის შტაბთან პოლიციას ელოდებიან.
ლიკა ზაკაშვილი შსს-ს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტი. მისი თქმით, ორივე თავდამსხმელი, მათი მხრიდან, უკვე იდენტიფიცირებულია და ახალა გამოძიების რეაგირებას ელოდებიან.
ძალადობის სამიზნეები გავხდით, გაუგებრობა ალბათ ცოტა რბილი შეფასებაა, ეს იყო მიზანმიმართული ძალადობა ჟურნალისტებზე. ჩვენ შემთხვევაში, სხვა კოლეგებიც, თქვენ იცით რომ დაშავდნენ, სხვადასხვა გამოცემის. ჩვენი გამოცემის ორ ჟურნალისტს – ალექსანდრე ქეშელაშვილს წაართვეს მობილური, ასევე ქეთო მიქაძეს წაართვეს მობილური და მასზე იძალადა ერთ-ერთმა პირმა. ორივე ადამიანი არის იდენტიფიცირებული, ჩვენ გამოვაქვეყნეთ მასალები ჩვენ Facebook გვერდზე და მოვუწოდებთ სამართალდამცავებს შესაბამისი რეაგირებისკენ იმიტომ, რომ ეს არის ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა, თავდასხმა და ძალადობა ჟურნალისტებზე. არცერთი ადამიანი არ არის დაფარული ორივე იდენტიფიცირებულია და დროულად მოახდინონ რეაგირება.
ერთ-ერთი პირი, რომელმაც ქეთო მიქაძეს წაართვა მობილური და ფიზიკურად იძალადა მასზე ასევე მონაწილეა იმ ინციდენტის, რომელიც მე შემემთხვა რამდენიმე დღის წინ, მან მე ჩამარტყა ხელი, ასევე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს იძალადა ჩემზე. ეს ადამიანი არის იდენტიფიცირებული, სავარაუდოდ, არის ლევან ზარდიაშვილი, ჩვენი მოძიებული ინფორმაციით ეს ასეა, მაგრამ ეს პირველ რიგში არის სამართალდამცველების საქმე, რომ დროულად მოახდინონ ამ პირის იდენტიფიცირება და ამ სამართალდარღვევაზე აგოს პასუხი, რომელიც იქნა ჩადენილი რამდენიმე დღის წინ და დღეს.
ჩვენი კოლეგები ახლა იმყოფებიან კახა კალაძის შტაბთან, იქ ელოდებიან პატრულს, იქ სადაც იქნა ეს დანაშაული ჩადენილი…” – ამბობს ლიკა ზაკაშვილი.
ცნობისთვის, გამოცემამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია და კადრები, რომ მათ ორ ჟურნალისტს თავს დაესხნენ და ტელეფონები წაართვეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მიმდინარე აქციის დროს “ქართული ოცნების” პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაპირისპირების დროს დაშავდა ჟურნალისტიც.
“ოცნების” წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოთლებს ესროდნენ.
პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას “ოცნების” პარტაქტივი არ დაუკავებია.