გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, დავით ხიდაშელის კომპანიისთვის რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება უკავშირდება კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას.
როგორც ოთარ შამუგია ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზია 1.8 წელზე მეტია გაცემულია, “არანაირი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელებული არ არის”.
“წელიწადსა და რვა თვეზე მეტია გასული აღნიშნული ლიცენზიის გაცემიდან და არანაირი მნიშვნელოვანი აქტივობა ლიცენზიანტის მხრიდან განხორციელებული არ არის. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება. ქვეყანაში უზრუნველყოფილია გარემო, რომ განხორციელდეს ინვესტიციები და მთავრობა ამას მაქსიმალურად უწყობს ხელს, თუმცა როდესაც ვხედავთ ვალდებულებების შეუსრულებლობას, პროცესს წლები ვერ დაველოდებით და შესაბამის გადაწყვეტილებას ვიღებთ”. – თქვა ოთარ შამუგიამ.
28 ნოემბერს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა ბრძანება, რომლის მიხედვითაც რაჭაში დავით ხიდაშელის კომპანიისთვის სამონადირეო მეურნეობაზე გაცემული ლიცენზია ძალადაკარგულად გამოაცხადა.
კომპანია HG Capra Caucasica-მ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად 49-წლიანი ლიცენზია აუქციონში გამარჯვების შედეგად 2022 წლის 23 მარტს მიიღო, თუმცა, ლიცენზიით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა.
HG Capra Caucasica რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენთან, დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანიაა. ხიდაშელი წლების განმავლობაში მუშაობდა მსხვილ რუსულ საინვესტიციო კორპორაცია Sistema JSFC-ში, სადაც რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან დაკავშირებული არაერთი პირი იკავებს წამყვან თანამდებობებს.
დავით ხიდაშელი არის ბიზნესმენი, რომელიც ე.წ. კარტოგრაფების საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმეა. მან ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკა, რასაც მოჰყვა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავება.