კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორის ბესო ორთოიძის თქმით, სამშენებლო სექტორი უცხოელ მუშახელს მასობრივად, სავარაუდოდ, წელს შემოიყვანს. ამის წინაპირობა კი მისი თქმით, დაგეგმილი მასშტაბური პროექტებია, რომელიც არსებული მწირი ადამიანური რესურსით ვერ განხორციელდება.
ბიზნესი იაფი მუშახელის შემოყვანას თურქეთიდან, ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან განიხილავს.
„კადრების მიმართულებით პრობლემა იყო, არის და უფრო მძიმდება. ბაზარზე არ ხდება იმ რაოდენობით ახალი კადრების მიწოდება, რაც მოცულობითაც იზრდება მშენებლობა, შესაბამისად დროში ეს უფრო მწვავდება. დღეს რასაც ვუყურებთ სექტორის წარმომადგენლები, გამოსავალი არის უცხო ქვეყნიდან კადრების შემოყვანა, იმიტომ რომ ქართული ბაზარი ვერ უზრუნველყოფს იმ რაოდენობის კადრებს, რაც მოცულობის მშენებლობაზე თუნდაც გასულ წელს გაიცა ნებართვა. გარკვეულმა კომპანიებმა, როგორც ვიცი უკვე შემოიყვანეს და ეს ტენდენცია ალბათ გაგრძელდება.
შეიძლება მათი ანაზღაურება ნაკლები იყოს, თუმცა ეს არ არის ბიზნესის მთავარი მოტივი. თუ მათთან ანაზღაურება ნაკლებია მათ დაემატებათ ცხოვრების ხარჯი, რაც ბიზნესმა თავის თავზე უნდა აიღოს, შესაბამისად, ამის მოტივი დეფიციტია.
განიხილება თურქეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი. ეს პროცესი ჩვეულებრივია, თუ ქართველები მიდიან აღმოსავლეთ ევროპაში, აღმოსავლეთიდან დასავლეთ ევროპაში, ლოგიკურია, რომ ჩვენთან აზიიდან შემოვიდნენ. აქ რამე ისეთი ტენდენცია რაც მსოფლიოში არ არის, არ იკვეთება.
პროცესი მომწიფებულია, დასაწყისია ხოლმე პრობლემური, როგორც კი ერთი-ორი ნაკადი შემოვა, ჩაითვლება, რომ გზა გაჭრილია, მერე გამოჩნდებიან კომპანიები, რომლებიც ამას უზრუნველყოფენ. მე მგონია, რომ წლევანდელი წელი გარდამავალია, იმიტომ რომ ვხედავთ ერთის მხრივ, რა პროექტები ხორციელდება, რა არის დაგეგმილი და მეორე მხრივ, რა რესურსიც გაგვაჩნია“, – განაცხადა ბესო ორთოიძემ.
საქსტატის ბოლო მონაცემებით, იანვარში წინა თვესთან შედარებით, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულების ხელფასები 22,9%-ით შემცირდა. კითხვაზე ხომ არ უკავშირდება კლება ქვეყანაში იაფფასიანი მუშახელის შემოყვანას, „არსის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ჯერ პროცესს მასშტაბური სახე არ მიუღია, თუმცა სავარაუდოა რომ ამის ასახვა ოფიციალურ სტატისტიკაში უახლოეს პერიოდში დაიწყება.
იგივე მოლოდინები აქვთ „თიბისი კაპიტალშიც.“ განახლებული კვლევის მიხედვით, სამუშაო ძალის შემოდინება უფრო დაბალ შემოსავლიანი მეზობელი ქვეყნებიდან სწორედ მიმდინარე წლიდან დაიწყება. მათივე ანალიტიკის მიხედვით მშენებლობის მიმართულებით, საქართველოში თვიური ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე აზერბაიჯანში, თურქეთში, სომხეთსა და უზბეკეთში.