პროფკავშირის იურისტი ამბობს, რომ გამომძიებლებმა წარმოადგინეს სასამართლოს განჩინება, რომლითაც ოთხ მისამართზე აპირებენ ჩხრეკის ჩატარებას, თუმცა მასში არ არის მითითებული საფუძველი.
სხვა დეტალები არ განუმარტავთ.
როგორც ვიდეოში გამომძიებლების ტანისამოსიდან ჩანს, ჩხრეკას ატარებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (იგივე ფინანსური პოლიცია).
რადიო თავისუფლებას საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს, რომ ეს უწყება ატარებს „შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, თუმცა სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ მოუწოდებიათ.
პროფკავშირის დამფუძნებლის გიორგი დიასამიძის თანახმად, განუმარტეს, რომ მის სახლშიც ჩაატარებენ ჩხრეკას.
„არ არის პრობლემა, უბრალოდ მე მინდა, რომ ოჯახის წევრებს, თუ უყურებენ ამ ლაივს, არ შეეშინდეთ“, – ამბობს ის პირდაპირ ჩართვაში.
ამ ეტაპზე უცნობია, რა საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩხრეკა.
„ლაბორი“ არის აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი. იგი დაპირისპირებულია „პროფკავშირების გაერთიანებასთან“ (GTUC), რომელსაც იგი „ყვითელ პროფკავშირს“ უწოდებს და ხელისუფლებასთან გარიგებაში სდებს ბრალს.
„რას ეძებენ, არ ვიცი, არ უთქვამთ“, – ამბობს დიასამიძე.
დიასამიძე ამბობს, რომ ჩხრეკას უკავშირებს შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას.
„იმისთვის, რომ გარკვეული სახის პროტესტები არ იყოს ორგანიზებული, ცდილობენ ველის მოსუფთავებას. დანარჩენს დავაკვირდეთ“, – ამბობს დიასამიძე.
დიასამიძე და „ლაბორი“ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო, პრო-ევროპულ აქციებს მხარდაჭერას უცხადებს; ასევე, სოლიდარობას უცხადებს ჭიათურელ მაღაროელებს.
„საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდება ვიდეოზე… ძალიან გთხოვთ, შევინახოთ ნებისმიერი გადამღები საშუალება“, – მოუწოდა ერთ-ერთმა გამომძიებელმა დიასამიძეს, რის შემდეგაც მან პირდაპირი ეთერი შეწყვიტა.
ინფორმაცია განახლდება
