„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ განცხადებით, სასამართლომ შპს „ავთანდილ ცქვიტინიძეს” ყოფილი კონსულტანტისთვის განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაციის გადახდა დააკისრა სამსახურიდან გათავისუფლების გამო.
პროფკავშირების განცხადებით, ა.კ. დიზაინერის მაღაზიაში კონსულტანტად იყო დასაქმებული და ფიქრობდა, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამუშაო ადგილზე ვერ გამოცხადება იყო, თუმცა როგორც მისი ადვოკატი სერგო მახარაძე აცხადებს, მოგვიანებით კომპანიის წარმომადგენელმა სასამართლოში განაცხადა, რომ კონსულტანტი ჩაცმულობის გამო გაათავისუფლეს:
„სასამართლო პროცესზე, დამსაქმებელმა თავად განმარტა, რომ მისი ჩაცმულობით იყვნენ უკმაყოფილოები და სწორედ ამ ნიშნით აღარ ისურვეს ა.კ-ს სამუშაოზე დაბრუნება“ — აცხადებენ პროფკავშირებში.
ყოფილი დასაქმებულის ინტერესების დამცველთა თქმით, ა.კ-მ სამსახურში შეუძლოდ იგრძნო თავი, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს და აღმოჩნდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰოსპიტალურ მკურნალობას მოითხოვდა:
„საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, სამსახურში დარეკა, თუმცა, დამსაქმებელმა ზეპირსიტყვიერად გამოუცხადა, რომ „მისთვის აღნიშნული ქცევა იყო მიუღებელი“ და ნუღარ დაბრუნდებოდა, თუმცა, კონკრეტულად რა საფუძვლით ათავისუფლებდა, არ განუმარტავს.
დამსაქმებლის სიტყვებმა, რომ „აღნიშნული ქცევა მიუღებელი“ იყო, მითუმეტეს, რომ ვერ ხვდებოდა, რა ქცევაზე იყო საუბარი, ა.კ გააოგნა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა საკუთარი უფლებების დაცვა. მან დახმარების თხოვნით პროფკავშირებს მიმართა. ა.კ ხვდებოდა, რომ მისი შრომითი უფლებები არამხოლოდ ახლა, არამედ, მუშაობის პერიოდშიც ირღვეოდა. ამის მიზეზი კი ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მუშაობა იყო“ — ვკითხულობთ პროფკავშირების განცხადებაში.
პროფკავშირების განცხადებით, ა.კ. ამბობს რომ დამსაქმებელს მასთან არც წერილობით ჰქონდა გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და არც ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის მიუღია დამსაქმებლისგან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურება, როგორც ამას კანონი ადგენს.
პროფკავშირების გაერთიანების განცხადებით, მათ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, დასაქმებულმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა:
„თბილისის საქალაქო სასამართლომ დამსაქმებლის მიერ ა.კ-ს სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის გადახდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე,“ — აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში.
„ნეტგაზეთი“ აღნიშნულთან დაკავშირებით „ავთანდილის“ აღმასრულებელ დირექტორს, ზურაბ მგალობლიშვილს ესაუბრა, რომელიც პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.
მგალობლიშვილი ამბობს, რომ ყოფილ დასაქმებულს მათთვის დავა არ მოუგია, რამდენადაც ის სამსახურში აღდგენასაც ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ორი თვის კომპენსაციის გადახდა მართლაც დაეკისრათ:
ამასთან, მგალობლიშვილი უარყოფს იმასაც, თითქოს, კონსულტანტის გათავისუფლების მიზეზი მისი “შეუსაბამო” ჩაცმულობა გახდა. კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, ა.კ-ს გათავისუფლების მიზეზები სხვა იყო მათ შორის, სამსახურში დაგვიანებები, გაცდენები და ა.შ:
„აქედან 90% არის ტყუილი, გათავისუფლების მიზეზი იყო გაცდენები, ძილი სამსახურში — ძირითადი პრობლემა იყო ძილი… კონფლიქტები თანამშრომლებთან და სხვა მსგავსი თვისებები. არავითარი ჩაცმულობის გამო სამსახურიდან არ გათავისუფლებულა,“ — ამბობს მგალობლიშვილი.
კითხვაზე დაასახელა თუ არა ერთ-ერთ მიზეზად სასამართლოში ყოფილი თანამშრომლის ჩაცმულობა, ზურაბ მგალობლიშვილი გვპასუხობს, რომ „ეს არ იყო მიზეზი, ეს იყო დიალოგში და კამათის დროს წამოჭრილი თემა“:
„სექტემბრის ბოლოს ის გაფრთხილებული იქნა, რომ ორი თვის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა სამსახური. ამის შემდეგ ორი თვე არ იარა [სამსახურში] და ნოემბერში როდესაც გამოვიდა, ჩვენმა თანამშრომლებმა გამოუძახეს სასწრაფო და უპატრონეს. ამის შემდეგ როცა უნდა დაბრუნებულიყო ერთი კვირით სამსახურში, რადგან ისედაც იცოდა, რომ პირველი დეკემბრიდან თავისუფლდებოდა, უთხრეს: ნუღარ დაბრუნდები ეს ერთი კვირა უშენოდ ვიმუშავებთ, ნაავადმყოფარი, ცოდო ხარო […].
[…] ცოტა აბსურდულია ავთანდილ ცქვიტინიძე და ჩაცმულობის გამო გაათავისუფლოს თანამშრომელი. არა — ეს არ იყო რეალური მიზეზი, ერთ-ერთ არგუმენტად ითქვა, კი“ — ამბობს ზურაბ მგალობლიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.