პროფკავშირები: AVTANDIL-მა კონსულტანტი ჩაცმულობის გამო გაუშვა, სასამართლომ ეს უკანონოდ ცნო

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცნობით, მაღაზია AVTANDIL-მა კონსულტანტი სამსახურიდან ჩაცმულობის გამო გაათავისუფლა.
მათი ინფორმაციით, კომპანიას სასამართლოში უჩივლეს – თბილისის საქალაქო სასამართლომ კონსულტანტის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. მათივე ცნობით, მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის გადახდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე.
“შპს ავთანდილ ცქვიტინიძეში კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმებული მიიჩნევდა, რომ სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გამოუშვეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამუშაოზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ დადიოდა. როგორც აღმოჩნდა, საქმე სულ სხვაგვარად იყო. სასამართლო პროცესზე დამსაქმებელმა თავად განმარტა, რომ მისი ჩაცმულობთ იყვნენ უკმყოფილოები და სწორედ ამ ნიშნით აღარ ისურვეს მისი სამუშაოზე დაბრუნება”, – აცხადებენ პროფკავშირებში.
მათი ინფორმაციით, დასაქმებული სამსახურში შეუძლოდ გახდა, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს, გამოჯანმრთელების შემდეგ კი სამსახურში დარეკა, სადაც უთხრეს, რომ “ნუღარ დაბრუნდებოდა”.
“დასაქმებულმა სამსახურში შეუძლოდ იგრძნო თავი, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს. აღმოჩნდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰოსპიტალურ მკურნალობას მოითხოვდა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ სამსახურში დარეკა, თუმცა, დამსაქმებელმა ზეპირსიტყვიერად გამოუცხადა, რომ “მისთვის აღნიშნული ქცევა იყო მიუღებელი” და ნუღარ დაბრუნდებოდა, თუმცა, კონკრეტულად რა საფუძვლით ათავისუფლებდა, არ განუმარტავს.
დამსაქმებლის სიტყვებმა, რომ “აღნიშნული ქცევა მიუღებელი” იყო, მით უმეტეს, რომ ვერ ხვდებოდა, რა ქცევაზე იყო საუბარი, კონსულტანტი გააოგნა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა საკუთარი უფლებების დაცვა. ის ხვდებოდა, რომ მისი შრომითი უფლებები არამხოლოდ ახლა, არამედ, მუშაობის პერიოდშიც ირღვეოდა. ამის მიზეზი კი ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მუშაობა იყო”, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, კონსულტანტი ამტკიცებს, რომ დამსაქმებელს მასთან არც წერილობით ჰქონდა გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და არც ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის მიუღია დამსაქმებლისგან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურება, როგორც ამას კანონი ადგენს.