პროფკავშირები დაბალანაზღაურებად სექტორში მინიმალური ხელფასის შემოღებას ითხოვს

პროფკავშირები დაბალანაზღაურებად სექტორში მინიმალური ხელფასის შემოღებას ითხოვს
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება დაბალანაზღაურებად სექტორებში მინიმალური ხელფასის განსაზღვრის ინიციატივის განხილვას წლის ბოლოს განაახლებს. გაერთიანება დეკემბერში სამმხრივი კომისიის შეხვედრის ჩანიშვნას გეგმავს. დასაქმებულთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ კიდევ 2020 წელს მოამზადა. მაშინ ორგანიზაციის გეგმის მიხედვით, მინიმალური ხელფასის რეგულირება შრომის კოდექსით უნდა მომხდარიყო, თუმცა პარლამენტმა ეს ინიციატივა არ მიიღო.
,, ჩვენი ინიციატივა იყო, რომ ეს გამხდარიყო შრომითი კოდექსის ნაწილი. 2020 წლის რეფორმაში ასე გვედო, მაგრამ ბიზნეს ლობისტების, პარლამენტში ბიზნეს ჯგუფების მხარდამჭერების გავლენებით ამოღებულ იქნა. რადგან სახელმწიფოში არსებობს ორგანული კანონი, რომელიც აწესრიგებს შრომით ურთიერთობებს, (საუბარია შრომის კოდექსზე) სწორედ აქ არის ადგილი იმისა, რომ მინიმალური ხელფასის საკითხი მოწესრიგდეს. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს საკითხი მოწესრიგდეს ცალკე საკანონმდებლო აქტითაც. ჩვენს კანონპროექტში ასე გვქონდა, რომ შრომის კოდექსის ნაწილი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, შეიძლება სხვა აქტით დარეგულირდეს. მთავარია, ქვეყანაში არსებობდეს მინიმალური ხელფასი. მისი დადებითი ეფექტი აისახება სწორედ დაბალანაზღაურებად კატეგორიის სექტორებზე. გვაქვს გეგმაში. სამმხრივ კომისიაში დავამუშავებთ და შემდეგ შევიტანთ პარლამენტში, რადგან ეს არის საკითხი, სადაც საჭიროა მთავრობის ნება და ჩართულობა, რადგან ფინანსურ-ეკონომიკურ საკითხებთან არის დაკავშირებული. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, როდის შევა პარლამენტში ვერ გეტყვით. ჩვენ წლის ბოლოს, დეკემბერში ვაპირებთ, უნდა ჩავნიშნოთ სამმხრივი კომისიის შეხვედრა, სადაც ამ საკითხს მივუბრუნდებით.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივა რითეილ სექტორში თავდაპირველად ხელფასების 40%-იან ზრდას ითვალისწინებს. დასაქმებულთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რითეილ სექტორში დასაქმებულების ანაზღაურებასა და შრომით პირობებს. რაისა ლიპარტელიანი აღნიშნავს, რომ რეგულაციის მიღება საჭიროა, რადგან ეს ერთ-ერთი მოთხოვნაა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში.
,,ვიმედოვნებთ, რომ 2025 წლის ბოლოს ეს ინიციატივა იქნება მხარდაჭერილი. ჩვენი თანამშრომლობის მემორანდუმი სახელმწიფოსთან და დამსაქმებელთა ასოციაციასთან ითვალისწინებს ამ საკითხზე აქტიურ მუშაობას. ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად დაყენებულია მინიმალური ხელფასის საკითხი. ჩვენ თუ გვინდა ევროინტეგრაციის მიმართულებით გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, ეს არის აუცილებელი წინაპირობა, რომელიც უკვე მათი დღის წესრიგის საგანია. ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება. ქვეყანას აქვს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც სექტორული მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია. ერთგვარი პილოტური გადაწყვეტილება იყო, რომელიც ჯანდაცვის სექტორისთვის მიიღეს, რომელმაც კარგად იმუშავა და 18 ათასზე მეტ ადამიანს ხელფასები გაეზარდა. ჯანდაცვის სექტორში მინიმალური ხელფასის ინიციატივას დადებითი შედეგის გარდა, სხვა არანაირი უარყოფითი შედეგი არ მოჰყოლია. არ გვსმენია, რომ ამის გამო მოუწიათ კადრების შემცირება ჯანდაცვის სექტორში ან კონკრეტულ დაწესებულებას შეექმნა რაიმე ფინანსური პრობლემა. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი კარგი მაგალითი, რომელმაც დაგვანახა, რომ მინიმალური ხელფასი და გაუმჯობესებული სტანდარტი მუშაობს დადებითად.’’- აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.
პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პარალელურად, ეს დასაქმებულების ანაზღაურებასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე უნდა აისახოს. მისი თქმით, დღეს სამუშაო ბაზარზე უთანასწორობაა, რადგან დასაქმებულთა 12% დანარჩენ 82%-ის მიერ გამომუშავებული ხელფასის ოდენობას იღებს.
,,ხშირად გვესმის და ვუყურებთ ოფიციალურ მონაცემებს და ხელისუფლება ძალიან ამაყობს ეკონომიკური ზრდით. საუბრობენ ორნიშნა პარამეტრებზე. თუ შევხედავთ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რეალურად სიმართლეა, თუმცა იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს მინიმალური ხელფასი და ის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ ეკონომიკურ ზრდის თანაბარ, სამართლიან გადანაწილებას საზოგადოების წევრებზე, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, კი იზრდება საშუალო ხელფასი, მაგრამ იზრდება იმის ხარჯზე, რომ საზოგადოების ძალიან ვიწრო ჯგუფის ხელშია კონცენტრირებული ფინანსური რესურსები. თუ შევხედავთ ოფიციალურ მაჩვენებლებს ვნახავთ, რომ 345 ადამიანი ქვეყანაში ფიზიკური პირი იღებს იმდენივე ხელფასს ჯამურად, რასაც 266 ათასი დასაქმებული. არაპროპორციულად არის გადანაწილებული ეს ფინანსები, მათ შორის სახელფასო ფონდები დასაქმებულთა შორის. რაც ზრდის უთანასწორობას.’’- აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.