თბილისში, დელისის მეტროს მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროექტი ისევ აქტუალური გახდა. კომპლექსის გეგმარებითი დავალება საკრებულოსთან უკვე შეთანხმდა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) შეთანხმება.
პროექტის მიხედვით, პროფკავშირების ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი, კომერციული და სხვა ტიპის დაწესებულებების მოწყობა განიხილება. წარმოდგენილი გეგმარებითი დავალების მიხედვით, ტერიტორიაზე არსებული შენობების დემონტაჟი უნდა მოხდეს, მათ შორის პროფკავშირების შენობის.
პროექტის დამკვეთი კომპანია შპს „დელისი დეველოპმენტია”, რომელიც როგორც ირკვევა, ტერიტორიის მესაკუთრეს „პროფკავშირების კულტურის ცენტრს“ მის განვითარებაში ეხმარება. შპს „დელისი დეველოპმენტის“ 100%-იან წილს გიორგი ყავლაშვილი ფლობს.
„საპროექტო ტერიტორიის ჯამური ფართი შეადგენს 15 254 კვადრატულ მეტრს აქედან 15 101 კვადრატული მეტრი რეგისტრირებული ფართია. 153 კვადრატული მეტრი აღებულია ტერიტორიის პერიმეტრზე იმისათვის, რომ მოხდეს საზღვრების კორექტირება ფაქტობრივი მდგომარეობით და საავტომობილო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. პროექტის მიხედვით მოხდება მიწის ნაკვეთების გადამიჯვნა.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის (შენობების) განთავსება, სადაც განთავსდება მრავალბინიანი საცხოვრებელი, კომერციული და სხვა ტიპის დაწესებულებები“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის განვითარების მცდელობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. მაშინ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა კომპანია „ნიბა ინვესტს“ და ბიზნესმენ ბაკურ კიღურაძეს სურდა, თუმცა პროექტი, რომელიც 2008 წელს დაიწყო, 2 წელში შეჩერდა.
როგორც ირკვევა აღნიშნული ტერიტორიის ნაწილს ისევ ფლობს კომპანია შპს „დელისი“, რომლის წილის მფლობელი „ნიბა ინვესტია”. როგორც „ნიბა ინვესტის“ მეწილე ბაკურ კიღურაძე მედიასთან გასულ წელს აცხადებდა პროექტის განხორციელებას ამჯერად „დელისი დეველოპმენტთან“ ერთად ცდილობს. მისი თქმით, პროექტის სავარაუდო საინვესტიციო მოცულობა მინიმუმ 20 მილიონი დოლარი იქნება.




