პროფესორ-მასწავლებლები და ექიმები – ვდგავართ ნინო დათაშვილის გვერდით – გვახსოვს საბჭოთა წარსული, გვახსოვს, როგორ აცხადებდნენ მოაზროვნეებს ფსიქიკურად დაავადებულებად, როცა ვეღარ აკონტროლებდნენ სიმართლეს

ვდგავართ ნინო დათაშვილის გვერდით – ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ბედი, ეს არის თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფა, ეს არის საბჭოთა მეთოდის დაბრუნება,- ამის შესახებ პროფესორ-მასწავლებლებისა და ექიმების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც ისინი აცხადებენ, ახსოვთ საბჭოთა წარსული და ის, “როგორ აცხადებდნენ მოაზროვნეებს ფსიქიკურად დაავადებულებად, როცა ვეღარ აკონტროლებდნენ სიმართლეს”.
“ჩვენ, პროფესორ-მასწავლებლები და ექიმები, პროფესიონალები, რომლებმაც ფიცი დავდეთ ვემსახუროთ საზოგადოებას, დავიცვათ ადამიანის ღირსება და ჯანმრთელობა, ვდგავართ ნინო დათაშვილის გვერდით. ადამიანის, მოქალაქის და მასწავლებლის, რომელიც იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაჰყავთ. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ბედი, ეს არის თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფა, ეს არის საბჭოთა მეთოდის დაბრუნება. ჩვენ გვახსოვს საბჭოთა წარსული, გვახსოვს, როგორ აცხადებდნენ მოაზროვნეებს ფსიქიკურად დაავადებულებად, როცა ვეღარ აკონტროლებდნენ სიმართლეს. ჩვენ გვახსოვს ჟურნალისტი ნაზი შამანაური, რომელიც გამოკეტეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. არავის აქვს უფლება, აზრის გამოხატვა და სამოქალაქო პოზიცია გადააქციოს სიმპტომად. დღეს ჩვენ ვდგავართ ნინოსთვის და ეს ნიშნავს, რომ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. თავისუფლება ნინოს! პოლიტიკური რეპრესიები უნდა დავასრულოთ”,- ნათქვამია განცხადებაში.