მესამე კურსის სტუდენტი ვიქნებოდი, უკვე ბოტანიკურ ბაღში ვმუშაობდი. პროფესორმა მირიან გვრიტიშვილმა დამიძახა და მომიყვა, გერმანიის ახალი ელჩი მებაღეს ეძებს და მგონი საშენო საქმეაო, ფული ძალიან მჭირდებოდა, არც დავფიქრებულვარ, მეორე დღეს ვეახლე ფრაუ ტილდას, გავურიგდი. მალე მოვაწესრიგე გაბურდული ბაღი, ცოტა ვენახს და ხეხილის ხეებსაც შევავლე ხელი, ყვავილებიც დავრგი და გამოიხედა იქაურობამ თვალებში.
სამი წელი ვიმუშავე ამ ეზოში, კვირაში სამჯერ დავდიოდი.
ყოველთვის, ბაღის მორწყვას და მოწესრიგებას, რომ მოვრჩებოდი მოვჭრიდი მზესუმზირებს, ხანაც ცინიებს და აგერატუმებს, ხან გიორგინებს და სალვიებს გავიმეტებდი შევკრავდი თაიგულად და ლამაზ სახლში შესაფერის ადგილს მივუჩენდი. როცა ვიცოდი სტუმრებს ელოდებოდა, განსაკუთრებით მოვინდომებდი. ერთხელ ხურმის დიდი ტოტები მოვჭერი და დიდ, ირანიდან ჩამოტანილ ლურჯ, ლარნაკში ჩავალაგე, მრგვალ მაგიდას ჟოლოსფერი გადასაფარებელი შევურჩიე და ბრდღვიალა ნაჭერზე გაწითლებული ალუბლის ფოთოლი დავყარე ფოთოხლისფერი ხურმებიანი თაიგულის ქვეშ..
დილაობით ფრაუ ტილდა იმ დროს მიდიოდა საელჩოში, მე რომ ბაღს ვრწყავდი, აუცილებლად ერთ სიტყვიან კომპლიმენტს დამიტოვებდა, გამოკვეთილად მეტყოდა დიდი მადლიერებით:
“ვუნდერშონ ზურაბ..”
“ჰერფორაგენდ ზურაბ”
“გრანდიოზ ზურაბ”
“პერფექტ ზურაბ”
ძალიან მიხაროდა მისი შექება და კიდევ უფრო და უფრო ვცდილობდი გამეხარებინა.
გვიანი შემოდგომა იდგა და ჩიტავაშლას გასხლული ტოტებისაგან გვირგვინი მოვახვიე. ნანდინას წითელი ნაყოფები ჩავამაგრე, ხავსი მოვიშველე, რამდენიმე გამომშრალი ბროწეული და იასამნის ბუჩქში ნაპოვნი პატარა, ღობემძვრალას ბუდე კუნელის ლიქენიან ტოტზე მივამაგრე. ბუდეში სამი პატარა მრგვალი კენჭი ჩავდე. გვირგვინი ბუხართან, პატარა მაგიდაზე, სანათის ქვეშ მოვათავსე მოკრძალებულად. მეც მომეწონა..
დეკემბრის ბოლოს, ყოველ წელს, კათოლიკური შობის დადგომამდე, ქალბატონი აუცილებლად მიემგზავრებოდა თავის ოჯახთან ზალცბურგში და ჩვენი შობის მერე ბრუნდებოდა. იმ წელსაც გაფრინდა, ისე მოხდა იქ ვიყავი და ვაცილებდით, ჩემოდანი საბარგულში ჩაუდეს, ხელში კი მუყაოს კოლოფი ეჭირა. მისმა მომსახურე ქალმა, ლილიმ მაშინვე მომიყვა, წინა დღეს მისთვის ტორტის ყუთის შოვნა დაუვალებია, ჩემი გვირგვინი შიგ ჩაუდგამთ და თან მიჰქონდა ხელბარგად.
შეამჩნია, რომ ძალიან გავიხარე, ამ გვირგვინების ქვეყანაში ჩემი გვირგვინი , რომ მიჰქონდა. ტორტის ყუთი მაღლა ასწია და ერთ სიტყვიანმა კომპლიმენტმაც არ დააყოვნა გამოთქმით, სიყვარულით:
“ბეცაუბერნდ ზურაბ”..
ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, გვირგვინს რომ ვაკეთებ აუცილებლად ფრაუ ტილდა და მისი ერთ სიტყვიანი შექება მახსენდება. მისგან ვისწავლე აუხსნელად, მხოლოდ მისი საქციელით, რომ შექება, დაფასება და აღიარება აძლიერებს, საკუთარი თავის რწმენას უჩენს ადამიანს.
დიდი მადლობა ფრაუ ტილდა, თქვენ მე ძალიან, ძალიან დამეხმარეთ..
ფოტო: #ბადრივადაჭკორია