პროფესიული სასწავლებლებზე მოთხოვნამ იმატა, თუმცა ხშირ შემთხვევაში სწავლების ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს. იშვიათი გამონაკილისის გარდა, პროფსასწავლებლები მაღალი კვალიფიკაციის კადრებს ვერ ამზადებენ. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სწავლის მსურველთა რიცხვმა 10%-ით იმატა. ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობებია ინჟინერია, წარმოებისა და მშენებლობის სექტორი. ასევე აქტუალურია მომსახურების სფეროს პროფესიები.
კარგია, როცა ადამიანი პროფესიას და სპეციალობას ეუფლება, თუმცა საინტერესოა, რა შეიძლება იყოს პროფესიული სასწავლებლებისადმი გაზრდილი ინტერესის მთავარი მიზეზი? სასკოლო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა მუხრან გულიაშვილმა აღნიშნა, რომ გაცემული სერტიფიკატები, დიდი ალბათობით, უცხოეთში წასასვლელად სჭირდებათ.
,,ფაქტია, შრომით ბაზარზე რა პროფესიაზეც მოთხოვნაა, ხალხს მისი დაუფლების სურვილი მეტად უჩნდება. უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენი პროფესიული სასწავლებლების მიერ გაცემული სერტიფიკატი, უმეტესწილად უცხოეთში წასასვლელეად სჭირდებათ. მოგეხსენებათ, ჩვენთან მუშახელს საბუთს თითქმის არავის სთხოვს. აქ მუშები მშენებლობებზე სერტიფიკატებით არ დადიან.
კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმაც სტიმული მისცა ახალგაზრდებს დაამთავრონ დამატებითი სასაწავლებელი. ადრე, ვინც მე-9 კლასიდან შედიოდა პროფესიულ სასწავლებელში, ის ატესტატს ვერ აიღებდა და სწავლის გაგრძელების სურვილი რომ გასჩენოდა, ვერ ჩააბარებდა უნივერსიტეტში. კანონმდებლობით ეს მიდგომა უკვე შეიცვალა და ისინი სერტიფიკატთან ერთად ატესტატსაც იღებენ. სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ შემდგომში უმაღლესი განათლების მიღება, რადგან სკოლა დამთავრებულად ეთვლებათ. ამიტომ, ვფიქრობ, მეტი დაინტერესება პროფესიული სასწავლებლების მიმართ ამანაც გამოიწვია”, – ამბობს მუხრან გულიაშვილი.
მისივე თქმით, აუცილებელია მეტი ეფექტურობა და გამჭვირვალობა, რადგან ამით პროფესიული სასწავლებლებისადმი ინტერესი უფრო მზარდი ხდება.
,,ეტყობა ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა მეტი დაინტერესებაც. მოსწავლე, რომელიც სკოლაში ვერ სწავლობდა, ამ სასწავლებლის წყალობით წარმატებული მზარეული გამხდარა. ყველას თავისებური ნიჭი აქვს და როცა მას გაქანება ეძლევა, ეს უკვე კარგია. მოტივაციის მიცემისას პიროვნება დადებითისაკენ იცვლება. თვითდისციპლინაც უმუშავდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავარი სწავლების ხარისხია. კარგია, რომ მსგავსი სასწავლებლებისადმი მეტი დაინტერესებაა, თუმცა რამდენად ხარისხიან განათლებას ეუფლებიან, ეს ცალკე საკითხია.
საქართველოში ბოლო დროს ყველაზე მეტად ტურიზმის სფერო ვითარდება, ამიტომაც, ამ კუთხით, აქტუალობას არ კარგავს მომსახურების სფეროთი დაინტერესება. ვხედავთ, რომ კვლევებში წამყვან პროფესიებს შორის ერთ-ერთი ესეცაა.
მთავარია, მეტი ინფორმირებულობა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კუთხით დიდი ხარვეზია. არც მასწავლებლების მხრიდან ხდება მოზარდისა და მშობლის ინფორმირებულობა. არც ტელევიზიები უთმობენ შესაფერის დროს. ვხედავთ, საზოგადოება თანდათან უფრო პრაგმატული ხდება. პროფესიული მიმართულება იქნება, თუ უმაღლესი, ხელი უნდა შეუწყო მოზარდს, რომ თვითონ გააკეთოს არჩევანი. ვფიქრობ, ასეთი საკითხების მიმართ უკვე საზოგადოებაც უფრო რაციონალური გახდა”, – ამბობს გულიაშვილი და აქვე დასძენს, რომ მაღალ კლასებში მოსწავლეების არაფრისმომცემ სიარულს, სჯობს, ისწავლოს პროფესიულში და დასაქმდეს. არც სხვებს შეუშლიან ხელს და თავადაც წარმატებულები შეიძლება გახდნენ.
პროფესიული სასწავლებლებისადმი ინტერესის ზრდა, ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია. ამით, ახალგაზრდების დიდ ნაწილს შეუძლია შრომით ბაზარზე საკუთარი თავი დაიმკვიდროს.
განათლების სფეროს ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი ცალსახად ადასტურებს, რომ კოლეჯებისადმი ინტერესი გაზრდილია. საბოლოოდ მიხვდა საზოგადოება, რომ ხელობის ცოდნა აუცილებელია. მაგრამ იქვე ისიც აღნიშნა, რომ სწავლების დონე და ხარისხი საკმაოდ დაბალია.
,,ცნობილი ფაქტია, რომ პროფესიულ სასწავლებლებში მოთხოვნა გაიზარდა. ხალხი ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ ხელობის სწავლა აუცილებელია. ხედავს, რომ პროფესიული განათლებით უფრო ადვილად დასაქმდება შრომით ბაზარზე, ვიდრე უმაღლესდამთავრებული.
უნდა ითქვას ისიც, რომ პროფესიულ სასწავლებელში დასწრების ხარისხი ძალიან დაბალია და თუ ადამიანი იქ არ დადის და შესაფერის სპეციალობას არ ეუფლება, ხარისხი ნულის ტოლია. ხშირია შემთხვევები, როცა ხელოსანი მოგყავს და ცოდნის დონე არ უვარგა. ვიცით, რომ საწავლებლებში არ დადიან და სერტიფიკატს იღებენ. საქმე საქმეზე რომ მიდგება, შესრულებული სამუშაოების შედეგიც სახეზეა.
სამწუხაროდ, ეს არ ეხება მარტო პროფესიულ სასწავლებლებს. ცოდნის დონე დამაკმაყოფილებელი არსად არაა. სკოლებში, კოლეჯებში და უნივერსიტეტებში ბავშვები არ დადიან. შესაბამისად, ატესტატებს, სერტიფიკატებს და დიპლომებსაც ტყუილად გასცემენ. საბოლოო ჯამში, არც გამოცდებია და არც სწავლა. ამაზე კი პასუხი განათლების სამინისტრომ უნდა გასცეს. საკითხავია, ცნობებს, ატესტატებს და დიპლომებს, რის საფუძხველზე იძლევიან?” -აღნიშნავს მანანა ნიკოლაიშვილმა.
“საქსტატის” მონაცემებით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულთა რაოდენობა 10%-ით გაიზარდა. შარშან პროფესიულ სასწავლებლებში 17 083 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო 2023 წელს კი – 15 494.
ჩარიცხულ სტუდენტებთან ერთად, გაზრდილია კურსდამთავრებულთა რაოდენობა. ამ შემთხვევაში ზრდამ 17% შეადგინა. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს თუ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები დაამთავრა 9 537-მა სტუდენტმა, 2023 წელს მათი რიცხვი 8 123-ს შეადგენდა.
პროფესიების მიხედვით, 2024 წელს ყველაზე მეტი სტუდენტი ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის სექტორზე მოდიოდა და მათი რაოდენობა 4197-ს შეადგენდა.
წყარო: “რეზონანსი”
