პროფესიული განათლების კუთხით ყველაზე მოთხოვნადი IT მიმართულებაა – კონსტანტინე შუბითიძე, Skillwill

კვალიფიციური კადრების დეფიციტი ადგილობრივი ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება,- ამის შესახებ Skillwill-ის აკადემიურმა დირექტორმა კონსტანტინე შუბითიძემ “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ბაზარზე მზარდი მოთხოვნა საჭიროებას აჩენს, რომ პროფესიული განათლება უფრო მეტად დამსაქმებლების საჭიროებებზე მორგებულად განვითარდეს. ბოლო წლებში სწორედ ამ მიმართულებით იზრდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის ჩართულობა — მოკლევადიანი და პრაქტიკული პროგრამების შექმნით, რომლებიც უშუალოდ სამუშაო ბაზრის მოთხოვნებს ეპასუხება.
,,საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვლევები და ინდიკატორები მუდმივად მიუთითებს იმაზე, რომ კვალიფიციური მუშახელის, კადრების დეციფიტი ქართულ ბაზარზე ნამდვილად არის. ამაზე საგანმანათლებლო სივრცის პასუხი ისაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში პროფესიული განათლება განსაკუთრებით აქტუალური ხდება ქვეყანაში არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო ინსტიტუტების დონეზეც. უპირატესობა, იქნება ეს უმაღლეს განათლებასთან თუ მსგავსი ტიპის სერვისებთან, პროფესიულ განათლებას სწორედ იმ ნაწილში აქვს, რომ დამსაქმებლების საჭიროებებზე მორგებულ და ორიენტირებულ პროგრამებს ქმნის. ეს პროგრამები ერთი მხრივ არის მოკლევადიანი – დაახლოებით 10-11 თვიდან 2 წლამდე პერიოდში. ამასთან, ეს არის არა მხოლოდ მოკლევადიანი და პრაქტიკულ ამოცანებზე ორიენტირებული, არამედ არის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული დამსაქმებლის ამოცანებსა და ბაზრის მოთხოვნებზეა ორიენტირებული”,- აღნიშნა შუბითიძემ.
Skillwill-ის აკადემიური დირექტორის თქმით, განსაკუთრებული მოთხოვნა IT მიმართულებაზეა, რაც ინტერესს არა მხოლოდ ახალგაზრდებში, არამედ სხვადასხვა ასაკის ადამიანებშიც იწვევს.
,,IT-მიმართულება არის ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული, თანაც, არა მხოლოდ ახალგაზრდებში. პროფესიული განათლება კი იმიტომ არის ძალიან მოქნილი და ხელსაყრელი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, 18 წლის ხარ, წელს დაამთავრე სკოლა თუ 45 წლის ხარ და პროფესიის შეცვლა გინდა. შეგიძლია, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ისწავლო კერძო თუ საჯარო კოლეჯებში.
ჩვენი გამოცდილებით, გამოვაცხადეთ 1350 ადგილი და 4 ათასამდე განაცხადი მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა მართლაც ძალიან დიდია.
ჩვენი დაკვირვებით, ყველაზე უფრო პოპულარული მიმართულებებია: ფრონტ დეველოპმენტი, გრაფიკული დიზაინი, კომპიუტერი ქსელი და სისტემები, ბუღალტრული აღრიცხვა და ასე შემდეგ”,- აღნიშნა კონსტანტინე შუბითიძემ “კომერსანტის” ეთერში.