პროტესტის მე-40 დღეს აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძართან შობას ერთად ხვდებიან. მანამდე, მათ თბილისის ხუთი სხვადასხვა ტაძრიდან, სანთლებით ხელში, საშობაო მსვლელობა მოაწყვეს, საბოლოოდ კი ისინი რუსთაველის გამზირზე გაერთიანდნენ.
შობის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მივიდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არ ცნობს საქართველოს პარლამენტისა და მე-6 პრეზიდენტის არჩევნების ლეგიტიმურობას. მან ჟურნალისტებთან კომენტარისას თქვა, რომ ერთიანობა მოიტანს გამარჯვებას.
“შობის ღამეს ერთად ვდგავართ და მე მგონი, ეს არის მთავარი განცდა, რაც გვაერთიანებს. ერთიანობა არის ის, რამაც საქართველო გადაარჩინა საუკუნეების მანძილზე. ეს თუ შევძელით, ეს არის გამარჯვება და ეს არის ის, რამაც საქართველო დღემდე მოიყვანა”, – თქვა მან.
უწყვეტი პროტესტი რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში” განაცხადეს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
მომიტინგეთა მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.
მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ფორუმი
