პროტეინების შემცველ სასმელებზე მოთხოვნა იზრდება – თიბისი კაპიტალის მიმოხილვა

პროტეინების შემცველ სასმელებზე მსოფლიოში მოთხოვნა მატულობს. ამის შესახებ სასმელების ინდუსტრიის შესახებ კაპიტალის მიერ მომზადებულ მიმოხილვაშია საუბარი. მიმოხილვის თანახმად, პროტეინების შემცველ სასმელებზე გლობალურ ზრდას განაპირობებს ის, რომ მომხმარებლები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ფუნქციურ კვებას, ასევე, ამის მიზეზია სასმელების გიგანტური კომპანიების აგრესიული ექსპანსია. კერძოდ, PepsiCo აპირებს, ამერიკის პროტეინის შემცველი სასმელების ბაზარზე ახალი პროდუქტებით შევიდეს, რომლებიც ხელოვნურ ინგრედიენტებს არ შეიცავს, Coca-Cola კი თავისი Fairlife-ის და CorePower-ის ბრენდების წარმოებას ზრდის.
ს მიმოხილვის მიხედვით, ამ ტენდენციის კიდევ ერთი კატალიზატორია GLP-1 ტიპის წონის საკორექციო პრეპარატების სწრაფი გავრცელება.
„ამ მედიკამენტებს, რომლებიც 2024 წელს 3.4 მილიონმა ამერიკელმა პაციენტმა გამოიყენა და რომელთა რაოდენობაც, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის 24 მილიონს მიაღწევს, მომხმარებელთა კვების რაციონში ცვლილებები შეაქვს. ადამიანები კუნთოვანი მასის შენარჩუნებისა და ენერგიის მარაგის შესავსებად უფრო მეტ პროტეინს იღებენ. Bloomberg Intelligence-ის მიერ აპრილში ჩატარებული კვლევის თანახმად, GLP-1-ის მომხმარებელთა შორის ყველაზე მეტად გაიზარდა ბოთლის წყლის (40%-ით) და პროტეინის სასმელების (21%-ით) მოხმარება. ამის საპირისპიროდ, ლუდსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე მოთხოვნა 45%-ზე მეტით დაეცა, რაც ასახავს იმას, თუ რამდენად ძლიერად იცვლება სასმელებისადმი მომხმარებლის დამოკიდებულებას“, – წერია მიმოხილვაში.
ეს ტენდენცია შესაბამისი პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების შედეგებზე უკვე აისახა. BellRing Brands-ის Premier Protein-ის კოქტეილის გაყიდვები 2025 წლის პირველ 9 თვეში 18%-ით გაიზარდა. ამავდროულად, PepsiCo-ს Muscle Milk და Coca-Cola-ს CorePower კვლავ ლიდერობენ 2.9 მილიარდი დოლარის ღირებულების მზა სპორტული პროტეინების სასმელების გლობალურ ბაზარზე, რომელიც 2019 წლიდან ყოველწლიურად 8%-ით იზრდება და, სავარაუდოდ, ამ ტემპს შეინარჩუნებს.
თიბისი კაპიტალის დასკვნით, რადგანაც ჯანმრთელობასა და წონის მართვასთან დაკავშირებით მომხმარებლის ჩვევები მნიშვნელოვნად იცვლება, პროტეინების სასმელები სასმელების ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ პროდუქტად ყალიბდება. GLP-1-ის ფართოდ გამოყენება, ფუნქციურ კვებაზე მზარდი მოთხოვნა და წამყვანი მწარმოებლების სტრატეგიული ინვესტიციები ამ ინდუსტრიას აძლევს შესაძლებლობას, მომდევნო წლებში მოლოდინს გადააჭარბოს.