პრორუსული პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის მოთხოვნით ხელმოწერების კამპანიას იწყებს. შესაბამის რეზოლუციას ამ პარტიის წევრების გარდა ხელი მოაწერეს “ქართულ ოცნებასთან” აფილირებულმა პირებმაც.
რეზოლუციას ხელი უკვე მოაწერეს:
· მამუკა ფიფიამ, პარტიის საერთაშორისო მდივანმა;
· ფრიდონ ინჯიამ, ყოფილმა დეპუტატმა „ქართული ოცნების“ სატელიტი „ევროპელი სოციალისტებიდან“. მისი შვილი, ილია ინჯია „ქართული ოცნების“ სიით გახდა დეპუტატი, შემდეგ უმრავლესობა დატოვა და ჩამოაყალიბა ფსევდო-ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი“.
· ნანა კაკაბაძემ, „ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა. „ნეიტრალური საქართველო“ არის „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერი საზოგადოებრივი მოძრაობა (დაანონსებული აქვს პარტიად გადაკეთება), რომელიც ეწინააღმდეგება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას და ნეიტრალიტეტს ემხრობა. სწორედ „ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო სუს-მა გამოძიება საბოტაჟის მუხლით და დახურა საქველმოქმედო ფონდების ანგარიშები;
· ტრისტან წითელაშვილმა, ენმ-ის ხელისუფლების დროს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა და შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პოლკოვნიკმა;
ის, რომ რეზოლუციაზე ხელმომწერები „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები არიან, გასაკვირი არ არის. პრორუსული პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ რიტორიკასთანაც და აქებს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას.
„დადებითად ვაფასებთ და მივესალმებით რა საქართველოს საგარეო პოლიტიკას, ამასთანავე, აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენი მთავრობის მიერ პირდაპირი დიალოგის დაწყება რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან… მივბაძოთ ჩვენს წინაპრებს, გადავდგათ შერიგების ნაბიჯი, დავძლიოთ წინააღმდეგობები და აღვადგინოთ ურთიერთხელსაყრელი მეგობრული დიალოგი“, — ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც 7 მაისს მიიღეს კონფერენციაზე „საქართველოს ადგილი ცვალებად მსოფლიოში და სამეზობლო პოლიტიკის პერსპექტივები“.
პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ დეკლარირებულად რუსეთსა და საქართველოს შორის დაახლოების ხაზს ატარებს და საქართველოს სამხედრო ნეიტრალურ ქვეყნად გამოცხადებას ემხრობა. პარტიის სტრატეგიით, მისი პოლიტიკური ხედვების და აქტივობების საფუძველია ტრადიციული და ეროვნული ღირებულებები: სუვერენიტეტი, ერი, ოჯახი, ადამიანი.
პარტია 2023 წლის ბოლოს, ამავე სახელწოდების საზოგადოებრივი ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნა. პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარეა მიხეილ ჟღენტი. მიხეილ ჟღენტის მსოფლმხედველობაზე წარმოდგენის შესაქმნელად გეტყვით, რომ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს, რომლის დროსაც საბჭოთა ჯარმა სასტიკად დაარბია ეროვნული მოძრაობის მშვიდობიანი მიტინგი და 21 ადამიანი მოკლა, ამერიკის შეერთებულ შტატებს აბრალებს. ფიფიას თანახმად, 9 აპრილის მოვლენები სსრკ-ის დისკრედიტაციისთვის დაგეგმა და საკუთარი აგენტების — გორბაჩოვისა და შევარდნაძის — ხელით განახორციელა შეერთებულმა შტატებმა და ეს იყო „პირველი „ფერადი რევოლუცია”, შეფუთული დამოუკიდებლობის იდეით.
პარტიის სხვა წევრები არიან: გიორგი ირემაძე, ირაკლი უბილავა, მამუკა ფიფია, აკაკი კარტოზია, ნატო არღვლიანი, თამარ კიკნაძე, თემურ ფიფია, გიორგი არღვლიანი, თორნიკე ნადირაშვილი.
მამუკა ფიფია რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენია. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შემდეგ მოსკოვიდან მომავალ რუსული „აზიმუტის” რეისს ჩამოჰყვა.
2023 წლის სექტემბერში ის საქართველოს პარლამენტშიც პოზირებდა. მაშინ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ თქვა, რომ მამუკა ფიფია საქართველოს პარლამენტში თავად შეიყვანა.
მიმდინარე წლის 28 აპრილს ფიფია რუსეთში, პუტინის პარტია „ედინაია რასიას“ მიერ მოწყობილ სიმპოზიუმზე სიტყვით გამოვიდა და „განსაკუთრებულ ერთობაზე“ ისაუბრა, რომელიც თითქოსდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხებს „ერთ დიდ რუსულ სამყაროში“ აერთიანებთ.
„ძვირფასო კოლეგებო, მე და ჩემი მეგობრები მოწოდებულნი ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმ წინააღმდეგობების მოსასპობად, რაც რუსეთისა და საქართველოს გაერთიანებას უშლის ხელს. […] საქართველოსთვის ყველაზე არსებითი და ისტორიული მნიშვნელობის საკითხია კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან, სტრატეგიული კავშირების აღდგენისა და ტერიტორიული საკითხების გადაჭრის პერსპექტივით.
რუსეთმა კარგად იცის, რომ საქართველოს მმართველი პარტია არ შეუერთდა ანტი-რუსულ კოალიციას. მოსკოვმა ეს დააფასა და ნათლად თქვა, რომ მზადაა მჭიდრო ურთიერთობებისთვის. პრეზიდენტმა პუტინმა პირადად დაადასტურა, რომ მზად არის კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად“, — განაცხადა ფიფიამ და ტაშიც დაიმსახურა.
„სოლიდარობა მშვიდობისთვის“ და მისი წევრები აზიარებენ ფოტოს ამავე სიმპოზიუმიდან, სადაც მამუკა ფიფია სერგეი ნარიშკინთან არის გადაღებული. ნარიშკინი რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსია. ის ერთ-ერთი რუსი მაღალჩინოსანია, რომელიც ირწმუნებოდა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მსგავსად, რომ დასავლეთი საქართველოს აიძულებდა რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესულიყო და უკრაინაში რუსეთის ომის პარალელურად, „მეორე ფრონტი“ გაეხსნა.
ფიფიას „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტოებს შორის გვხდება მისი ფოტოები რუსეთის ცნობილ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ აქტორებთან, მათ შორის, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან ერთად.
„ტვ პირველმა“ გამოაქვეყნა მამუკა ფიფიასა და ოთარ ფარცხალაძის ფოტო, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით, 9 მაისს, მოსკოვში გამართულ აღლუმზე არის გადაღებული. მანამდე ფიფიამ „ტვ პირველს“ დაუდასტურა, რომ ფარცხალაძე აღლუმზე არის მიწვეული.
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქმიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს წევრია. 2021 წლის აპრილიდან ასევე არის რუსეთის კომუნისტთა კავშირის რეგიონთაშორისი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი.
„საქმიანი რუსეთის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პორტფოლიოს თანახმად, ოთარ ფარცხალაძის საზოგადოებრივი საქმიანობა მოიცავს რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყველა შესაძლო ბიზნეს და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროს განვითარებას, „რუსეთსა და საქართველოს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების შემდგომი აღდგენის მიზნით ყველა იმ ბიზნესპროექტით, როგორიცაა, მაგალითად, პირდაპირი სარკინიგზო კომუნიკაციების აღდგენა“.
ამასთან, ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ ფარცხალაძე ავითარებს ფინანსურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას BRICS+-ის წევრ ქვეყნებს შორის; არის სახალხო მოძრაობა „რუსი ქართველების“ დამფუძნებელი, რუსეთსა და საქართველოს შორის მრავალი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის და კონფერენციის ორგანიზატორი, რასაც თან ახლდა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა და უვიზო რეჟიმი.
